ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგიული პარტნიორია. ამასთან, თურნავას თქმით, ვერ ისაუბრებს ფონდთან მოლაპარაკებების დეტალებზე.
"IMF-ს რაც შეეხება როგორც მთავრობა, ასევე ეროვნული ბანკი ვაგრძელებთ კომუნიკაციას, მუშაობას. ერთი თვის წინ ვიყავი IMF-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ამსტერდამში, იქაც გვქონდა საშუალება რომ შევხვედროდი კოლეგებს. გრძელდება მუშაობა და აქედან გამომდინარე გამოიკვეთება შემდეგი ნაბიჯები. ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ IMF-ი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერი.
მე დეტალებისგან თავს შევიკავებ არ გავამხელ, მაგრამ პროგრამა ყოველთვის ისეთი უნდა იყოს, რომ ის ემსახურებოდეს ქვეყნის ინტერესებს და რა თქმა უნდა, ავსახავთ ამას ყველაფერს ამ მოლაპარაკებებში", - განაცხადა ნათია თურნავამ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო მისია საქართველოში, 29 იანვარს ჩამოვიდა. შეხვედრები 4 თებერვლამდე გაგრძელდა. პრესრელიზი ფონდის თანამშრომლების საქართველოში ვიზიტამდე მივიღეთ, სადაც აღნიშნული იყო, რომ ფონდის თანამშრომლები შეხვედრებს გამართავდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. ამ შეხვედრების მიზანი ქვეყნის მაკროეკონომიკური პერსპექტივების შეფასება და მთავრობის ეკონომიკური გეგმების განხილვა იყო. ფონდის მიერ, ვიზიტამდე გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით ეწერა, რომ ეს ვიზიტი IMF-ის პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ ითვალისწინებდა.
IMF-ის $280–მილიონიანი პროგრამის შეჩერების შესახებ სექტემბერში გახდა ცნობილი. ფონდის პროგრამის მიმდინარეობა ეკონომიკურ რეფორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო მიბმული, რაც საქართველოს 36 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა. პროგრამის პირველი ორი მიმოხილვა წარმატებით დამტკიცდა, თუმცა 2023 წლის თებერვალში პარლამენტში ინიციირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი პროგრამას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებდა. კანონპროექტი 9 წევრისგან შემდგარ ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა, რასთან დაკავშირებითაც თავად ეროვნული ბანკი იმ პერიოდისთვის და ასევე IMF კრიტიკული პოზიციას აფიქსირებდნენ. კანონპროექტს 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. იმ დროს პარლამენტმა ვეტოს დაძლევისგან თავი შეიკავა.
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა პრობლემური იყო იმის გამო, რომ IMF-თან არსებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ნაკისრი ვალდებულება არ განახორციელოს პროგრამასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებები IMF-თან კონსულტაციების გარეშე, ხოლო ეროვნული ბანკის მენეჯმენტის შესახებ კანონმდებლობაში ჩანაწერი სწორედ ასე – IMF-ის მოსმენის გარეშე შეიცვალა.
2023 წლის მაისში ჯერ კიდევ არსებობდა მოლოდინი, რომ პარლამენტი ვეტო დადებულ კანონს აღარ მიუბრუნდებოდა, შედეგად, პროგრამის მეორე მიმოხილვა დასამტკიცებლად IMF-ის დირექტორთა საბჭოზე წარდგებოდა. თუმცა, 2023 წლის 13 ივნისს, პარლამენტმა ვეტო დაძლია, 22 ივნისს კი ნათია თურნავა ახალი კანონის შესაბამისად სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად და შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში, მაშინ ჯერ კიდევ სებ–ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამაც.
კიდევ ერთი საკითხი სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული რეფორმა იყო. ფონდი მიიჩნევდა, რომ კანონპროექტში ასახული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელსაც ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებული სტრატეგია ითვალისწინებდა – ფონდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო 3 საკითხი. ფონდი ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემას და ამ უწყების მიერ სახელმწიფო ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგს. მეორე და მესამე საკითხი სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორთან კონკურენციას ეხებოდა. ფონდს მიაჩნდა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო საწარმოების ფუნქციები უნდა შეზღუდულიყო.




























