მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ის მისიის გაგრძელებაში აღმასრულებელ ხელისუფლებას როლი არ აქვს - მინისტრის მოადგილე

ფინანსთა

გაგრძელდება თუ არა IMF-ის პროგრამა, ან როგორ მოხდება კანონმდებლობის ჰარმონიზება, ამაში აღმასრულებელ ხელისუფლებას არავითარი როლი არ აქვს - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა bm.ge-ის კითხვას.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ახლა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია იმყოფება, რომელსაც პროგრამასთან კავშირი არ აქვს.

"უნდა განვმარტოთ, რომ მისია არის ე.წ მეოთხე მუხლის მიმოხილვის მისია. ეს არის კომპლექსური კვლევა ქვეყნის მდგომარეობის შეფასებისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წესდების მეოთხე მუხლის მიხედვით. ეს არ არის დაკავშირებული უშუალოდ სავალუტო ფონდის პროგრამასთან. ასეთი მიმოხილვები ტარდება ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ პროგრამა და იმ ქვეყნებშიც, რომლებსაც ეს პროგრამა არ აქვთ", - განაცხადა გელაშვილმა.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, როგორია ქვეყნისთვის მისიის გაგრძელების მნიშვნელობა, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ ეტაპზე IMF-ის პროგრამის არსებობას რეპუტაციული ხასიათი აქვს.

"ამ საკითხში ძირითადი სამუშაო მიმდინარეობს სებ-ის მხრიდან და შესაბამისად მათ უფრო რეალისტური ხედვა აქვთ ამ საკითხზე. კითხვის ადრესატიც ისინი არიან.

ამ ნაწილში აღმასრულებელ ხელისუფლებას როლი არ აქვს, ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლების და ეროვნული ბანკის კომპეტენცია. ჩვენთვის კი, რა თქმა უნდა ყველა პროგრესი მისასალმებელია, რაც იქნება ამ მიმართულებით.

ფინანსთა სამინისტროს არა ერთხელ გაუკეთებია განცხადება რომ ჩვენ, ვთვლით რომ პროგრამა სასარგებლოა. საბედნიეროდ, საქართველო დღეს არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ფინანსების ასათვისებლად და ხელმისაწვდომობისთვის ამას ჰქონდეს გადაუდებელი მნიშვნელობა, მაგრამ ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობისთვის არის მნიშვნელოვანი და სასარგებლო. აქტიური პროგრამა ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო", - მირზა გელაშვილი.

IMF-ის პროგრამის მეორე მიმოხილვა მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებებით ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შეიქმნა, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. კანონის მიღების შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭომ პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ნათია თურნავა აირჩია. IMF აცხადებდა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები მათთან შეთანხმებული არ იყო, რაც ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის პირობების დარღვევას წარმოადგენდა.კიდევ ერთი საკითხი, რომელიც IMF-სა და საქართველოს შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა სანქციების აღსრულების წესში შეტანილი გამონაკლისია, რასთან დაკავშირებითაც სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა განაცხადა, რომ ეს ცვლილება ფონდის შეშფოთებას იწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები