მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტროში IMF-ის პროგრამის განახლებას 2025 წლის მარტიდან ელიან

ფინანსთა სამინისტრო

თებერვალში ან მარტში საქართველოს IMF-ის მისია ეწვევა, რის შემდეგაც ფინანსთა მინისტრის მოადგილის მოლოდინით სავალუტო ფონდის პროგრამა განახლდება.

პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, დამოუკიდებელი დეპუტატის თეონა აქუბარდიას კითხვაზე, როდის განახლდება პროგრამა და რატომ არ არის ამაზე არავითარი მინიშნება ბიუჯეტის პროექტში, კაკაურიძემ განმარტა, რომ ამაზე ბიუჯეტში ვერაფერი ეწერება. მან პროგრამის განახლების სავარაუდო ვადად 2025 წლის მარტი დაასახელა.

"სავალუტო ფონდის პროგრამა არ არის დაკავშირებული რომელიმე კონკრეტულ ხარჯებთან. აქ არის მაკროეკონომიკური პარამეტრების დაცვის ნაწილი და შესაბამისად, ჩვენ, ყველა ეს პარამეტრი, რაზეც დღეს ვისაუბრე, იყო იმ პროგრამის ნაწილი, რომ ჩვენ კონსოლიდაცია უნდა გაგვეკეთებინა და გავაკეთეთ ფისკალური კონსოლიდაცია. ვალის მოცულობა უნდა შეგვემცირებინა და შემცირებული გვაქვს და ამას ვაგრძელებთ.

თქვენ თქვით, რომ 2023 წლის ბოლოს იქნება აღდგენილი პროგრამა და მე, ეს არასოდეს მითქვამს. [გიორგი კაკაურიძემ 2023 წლის სექტემბერში თქვა „სავალუტო ფონდთან პროგრამა დროებით შეჩერებულია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე პროგრამის განახლება შესაძლებელი იქნება] წელსაც რამდენჯერმე დამისვეს ეს კითხვა და კიდევ ერთხელ ვუპასუხებ, ოქტომბერში რამდენიმე დღეში იმართება საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეხვედრა. ჩვენი წარმომადგენლები დაესწრებიან ამ შეხვედრას. შევთანხმდებით გრაფიკზე, თუ როდის იქნება შესაძლებელი მისიის ჩამოსვლა და მე ვფიქრობ, რომ თებერვალ-მარტის თვეში შესაძლებელი იქნება მისია ჩამოვიდეს და შევთხოვდეთ არსებული პროგრამის გაგრძელებაზე ან ახალი პროგრამის ჩამოყალიბებაზე. როგორც უფრო მისაღები იქნება ტექნიკურად. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. აი, ამ პერიოდისთვის ვფიქრობთ, პროგრამის აღდგენას", - თქვა კაკაურიძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც 2025 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

ცნობისთვის, IMF-ის მიერ მხარდაჭერილი $280-მილიონიანი პროგრამის მეორე მიმოხილვა 2023 წლის ზაფხულში, მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. სწორედ ამ ცვლილებებით სებ-ის სტრუქტურაში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სავალუტო ფონდი უსვამს ხაზს, უკავშირდება სახელმწიფო საწარმოების მართვას. ფონდი მიიჩნევს, რომ კანონში, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს ასახული უნდა იყოს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელიც ასახულია ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებულ სტრატეგიაში. თუმცა, როგორც ენდრიუ ჯუველი BMG-სთან აღნიშნავს, კანონპროექტში, რომელიც მათ იხილეს ამ სტრატეგიით განსაზღვრული პუნქტები სრულად ასახული არაა. საუბარია სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის მიცემაზე და ამ უწყების მიერ სახელმწიფო კომპანიების ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები