მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IMF-ის პროგრამის საკუთარი ინიციატივით არ დაწყება არცერთი პასუხისმგებლიანი მთავრობის ინტერესებში არ შედის - ხიშტოვანი

ხიშტოვანი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, საქართველოს მთავრობა ამ ეტაპზე სავალუტო ფონდისგან იმიტომ არ ითხოვს ახალ პროგრამას, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა კონკრეტული პირობების შესრულება და რეფორმების განხორციელება.

საქმე ისაა, რომ ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობას ამ დრომდე IMF-ისგან ახალი პროგრამა არ მოუთხოვია და მიმდინარე წელს ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არც იგეგმება. გიორგი კაკაურიძე განმარტავდა, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ გამოკვეთილა მიმართულება და რეფორმა, რომელიც საქართველოსთვის სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყების საჭიროებას გამოკვეთდა.

როგორც ხიშტოვანმა BMG-ის განუცხადა, ქვეყანაში დღეს არსებული ვითარება და დაგეგმილი პროექტები სავალუტო ფონდის მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში იქნებოდა, შესაბამისად, მთავრობას ამ ეტაპზე ახალი პროგრამის დაწყება არ სურს.

„სავალუტო ფონდის პროგრამა გულისხმობს შეთანხმებას კონკრეტული ტიპის საკითხებზე. მაგალითისთვის, ბოლოს რაც გვახსენდება, ეს იყო სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, ეს იყო საკითხები დაკავშირებული საპარტნიორო ფონდის დაფინანსებასთან, ეს იყო სხვა ტიპის რეფორმები, რომლის განხორციელების ვალდებულებასაც იღებს სახელმწიფო. შესაბამისად, როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რატომ არ უნდა “ქართულ ოცნებას” IMF-ის პროგრამა, პასუხი არის [ის, რომ] “ქართულ ოცნებას” არ უნდა რეფორმების განხორციელება და შესაბამისად, როდესაც სავალუტო ფონდი ითხოვს, რომ შენ უნდა იყო ფისკალურად კონსერვატიული, შენ უნდა გქონდეს სტაბილური მაკროპოლიტიკა და ა.შ. ამ პირობების შესრულება არ უნდა დღეს “ქართულ ოცნებას”.

მაგალითს მოვიყვან, მაგალითად, IMF-ის პროგრამასთან სრულად შეუთავსებელი იქნება [EMAAR] არაბული ინვესტიცია, სადაც სახელმწიფო შედის კაპიტალში და იღებს ვალდებულებებს, რომელიც საბოლოო ჯამში დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს, დააწვება გადასახადების გადამხდელებს. ჩვენ რომ გვქონდეს მიმდინარე IMF-ის პროგრამა, ფონდის ექსპერტები ძალიან ბევრ კითხვას დაუსვამდნენ საქართველოს მთავრობას, თუ რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ამ ინვესტიციაზეა საუბარი და რა რისკებს და ვალდებულებები ახლავს თან სახელმწიფოს მხრიდან. რა თქმა უნდა, დღეს “ქართული ოცნების” მენეჯმენტს არ უნდა ასეთ კითხვებზე პასუხების გაცემა და გასაგები ხდება თუ რატომ ფეხს ითრევს და თავს იკავებს პროგრამის დაწყებისგან. მე ვიტყოდი, რომ ეს არის შეგნებული გადაწყვეტილება და რომ ეს კავშირში არის იმასთან, რომ სტაბილური, პროფესიონალური, კონსერვატიული ეკონომიკური პოლიტიკა დღეს, რომელსაც ითხოვს სინამდვილეში IMF-ი, ჩემი ვარაუდით, სწორედ ასეთი პოლიტიკა დღეს წინააღმდეგობაში არის “ქართული ოცნების” ეკონომიკური პოლიტიკისგან და არ არის გასაკვირი, რომ მას არ უნდა დღეს პროგრამა IMF-თან, რადგანაც მოუწევს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელზეც პასუხები მას არ გააჩნია”, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

მისივე შეფასებით, საქართველოს სავალუტო ფონდის პროგრამა არამხოლოდ საკრედიტო რესურსის, არამედ კონკრეტული რეფორმების და საერთაშორისო რეპუტაციისთვის სჭირდება.

„როდესაც მსხვილი ინვესტორი ფიქრობს ქვეყანაში ინვესტიციაზე, მას აინტერესებს ეკონომიკური, ფისკალური, მაკროეკონომიკური გარემო. ამ გარემოზე ყველაზე სანდო პასუხს გაძლევს IMF-ის პროგრამა და ამ პროგრამის მიხედვით მომზადებული შეფასებები. როდესაც ქვეყანა ამბობს უარს ასეთ პროგრამაზე, ანუ ამბობს უარს იმაზე, რომ IMF-მა დაადასტუროს პროგრამის სახელით, პროგრამის ფარგლებში განხორციელებული შეფასებებით ეკონომიკური სტაბილურობა. აქ საუბარი არ არის 200 მილიონ დოლარზე, აქ საუბარი არის რეპუტაციაზე, როგორც IMF-ისთვის სანდო პარტნიორი ქვეყნის რეპუტაცია. ჩვენ თუ ვამბობთ უარს ამ რეპუტაციაზე, ეს არის ან შეცდომა, ან დანაშაული. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ დღეს მსოფლიოში IMF-ის პროგრამის საკუთარი ინიციატივით არ დაწყება არ შედის არცერთი პასუხისმგებლიანი მთავრობის და არცერთი პასუხისმგებლიანი უწყების თუ ინსტიტუტის ინტერესებში. გაუგებარია, რატომ კეთდება ასე, პასუხი ამაზე უნდა მოვისმინოთ. თუ გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ გვჭირდება IMF-ის 200 მილიონი, ეს არ არის პასუხი, ეს არის დემაგოგია. ჩვენ IMF-ის პროგრამები არ გვჭირდება 200 მილიონისთვის, ჩვენ IMF-თან პროგრამა გვჭირდება, რომ ქვეყანას ჰქონდეს სოლიდური რეპუტაცია გარე სამყაროში და ჩვენ თუ უარს ვამბობთ ამ სოლიდურ რეპუტაციაზე, ამაზე პასუხი უნდა მოეთხოვოს წესით ყველა მთავრობას, ვინც ამის გადაწყვეტილებას იღებს”, - აღნიშნა ხიშტოვანმა.

ცნობისთვის, როგორც გასულ კვირას IMF-ის რეგიონულმა დირექტორმა BMG-ის განუცხადა, თუკი საქართველოს მთავრობას სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყების ინტერესი ექნება, ფონდი მზადაა განიხილოს ეს მოთხოვნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები