საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიმდინარე წელს ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესების გადაწყვეტილება მიიღო. IMF-ის შეფასებით, წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 5.4%-ით გაიზრდება, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით მეტი მაჩვენებელია წინა პროგნოზთან შედარებით.
რაც შეეხება მომავალ წელს, IMF-ის პროგნოზით, 2024 წელს ჩინეთის ეკონომიკის 4.6%-იანი ზრდაა პროგნოზირებული, რასაც კრიზისის პირას მყოფი უძრავი ქონების სექტორი უქმნის საფრთხეს.
მშპ-ის ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის მთავრობის მიერ გამოყოფილ $137-მილიარდიან დახმარების პაკეტთან, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარებას და უძრავი ქონების სექტორის მხარდაჭერას უნდა მოხმარდეს.
გარკვეულწილად, შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება არა ბუნებრივი მდგომარეობით, არამედ მთავრობის ინტერვენციებით იქნება განპირობებული.