საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელმა საბჭომ უკრაინისთვის 8.1 მილიარდი დოლარის მოცულობის ოთხწლიანი სესხი დაამტკიცა, საიდანაც $1.5 მილიარდი დოლარი ბიუჯეტის მხარდასაჭერად დაუყოვნებლივ გაიცემა.
აღნიშნული ტრანშის დამტკიცება უკრაინას გზას გაუხსნის ევროკავშირის მიერ დაანონსებული 90 მილიარდი ევროს მოცულობის დაფინანსების მიღებაზეც, რაც სამხედრო კონფლიქტის მე-5 წლის დაწყების ფონზე ქვეყანას კრიტიკულად სჭირდება. უკრაინის პრემიერ-მინისტრი, იულია სვირიდენკო უკვე გამოეხმაურა გადაწყვეტილებას, მადლობა გადაუხადა IMF-ს და განაცხადა, რომ ენერგოსექტორზე სისტემატური თავდასხმების ფონზე, დონორების დახმარება სახელმწიფოს ფუნქციონირების გაგრძელებაში დაეხმარება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ სესხის დამტკიცების პროცესში, განაცხადა, რომ $8.1 მილიარდი დოლარი ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლას, ასევე ენერგეტიკული ბაზრებისა და საგადასახადო სისტემის სტრუქტურულ რეფორმირებას მოხმარდება. ანალიტიკოსები გადაწყვეტილებას დადებით მოვლენად აფასებენ, რადგან არსებული $52-მილიარდიანი ფინანსური დეფიციტისა და უკიდურესად მაღალი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, უკრაინისთვის მდგრადობის შენარჩუნების ერთადერთ გზად სწორედ დასავლური ინსტიტუტების მხრიდან დახმარების უწყვეტად გაგრძელება მიიჩნევა.
შეგახსენებთ, სავალუტო ფონდი 2026 წელს უკრაინის ეკონომიკურ ზრდას 1.8%-დან 2.5%-მდე ფარგლებში პროგნოზირებს. რაც შეეხება ინფლაციას, მოელიან, რომ ის განახევრდება და 6.1%-ს გაუტოლდება.




























