საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელ ალეხანდრო ჰაჟდენბერგის განცხადებით, მიწოდების შოკის პირობებში როგორიცაა სურსათისა და საწვავის გაძვირება, პოლიტიკის შემმუშავებლებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა არ დააზიანონ ქვეყნის ფისკალური მდგრადობა.
ამის შესახებ მან ეროვნულ ბანკში გამართულ პრესკონფერნციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა და ეკონომიკური შოკების მართვისა და ინფლაციასთან ბრძოლის სტრატეგიებზე ისაუბრა.
IMF-ის წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ ფასების შესანარჩუნებლად საწვავზე საგადასახადო განაკვეთი არ უნდა შემცირდეს.
"მართლაც, მთავარი პრობლემა შოკის შესახებ არსებული გაურკვევლობაა მისი ხანგრძლივობა და ინტენსივობაა. სწორედ ეს არის მიწოდების შოკი, განსხვავებით მოთხოვნის შოკისგან.
როგორც წესი, ცენტრალური ბანკის რეაგირება ამ შემთხვევაში არის ის, რომ გაატაროს ეს შოკი არ უპასუხოს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით, ვინაიდან ცენტრალური ბანკის ინსტრუმენტები მოთხოვნაზეა ორიენტირებული. თუმცა თუ შოკები მუდმივია და სურსათის მაღალი ფასები სხვა საქონელზეც იწყებს გავრცელებას რადგან მაგალითად, საწვავი მრავალი სხვა საქონლის წარმოების შემადგენელი ნაწილია ან თუ ეს მაღალი ინფლაცია, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება მიზნობრივ მაჩვენებელს, ინფლაციურ მოლოდინებზე იწყებს გავლენას... რადგან სწორედ ეს არის ის მონაცემები, რომელთა საფუძველზეც ბიზნესი და მომხმარებლები იღებენ გადაწყვეტილებებს მოხმარების, დაზოგვისა და ხელფასების განსაზღვრის შესახებ. თუ მოლოდინები მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა იწევს, ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ პოლიტიკის პოზიცია გამკაცრებას საჭიროებს. და როგორც ეროვნული ბანკი პრეზიდენტმა თქვა, ცენტრალური ბანკის მთავარი ინსტრუმენტი პოლიტიკის განაკვეთის გამოყენებაა.
თუ შოკები როგორც ადრე აღვნიშნე, იწვევს სურსათის ან საწვავის ფასების მნიშვნელოვან ზრდას, რაც გავლენას ეკონომიკური აქტივობის შენელებაზე, რაც მოსახლეობის მოწყვლად სეგმენტებზე აისახება, მაშინ სწორი რეაგირება ამ შემთხვევაში არის ამ ჯგუფებისთვის მიზნობრივი სოციალური დახმარების გაწევა და ფართომასშტაბიანი სუბსიდიების თავიდან აცილება. ეს უკანასკნელი ხშირ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო არ იყოს ან ფისკალურად მეტისმეტად ძვირი დაჯდეს.
ასევე, კიდევ ერთი პოლიტიკა, რომელიც თავიდან უნდა იქნეს აცილებული, არის გადასახადების შემცირება. მაგალითად, საწვავზე გადასახადების შემცირება დაბალი ფასების შესანარჩუნებლად, რადგან ეს არასწორ სიგნალებს უგზავნის ეკონომიკას ზოგადად. ფასებს უნდა მიეცეს საშუალება, ასახონ ბაზარზე არსებული ვითარება", - განაცხადა IMF-ის წარმომადგენელმა.




























