"IMF-თან ტექნიკური დახმარების პროექტები გვაქვს. მივმართეთ თხოვნით, რომ გააფართოონ ეს თანამშრომლობა, რაზეც პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
როგორც ეროვნული ბანკი იტყობინება, თურნავას თქმით, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი და შეხვედრები ძალიან ნაყოფიერი გამოდგა.
"იცით, რომ სსფ-სთან მიმდინარე ტექნიკური დახმარების მისიები და ტექნიკური დახმარების პროექტები გვაქვს. მივმართეთ თხოვნით, რომ გაზარდონ და გააფართოონ ეს თანამშრომლობა, რაზეც ასევე პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, გასულ კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივმა წარმომადგენელმა ენდრიუ ჯუელმა "ანალიტიკას"-სთვის მიწერილ მოკლე პასუხში აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი პოზიციას არ იცვლის და "ქართული ოცნების" მთავრობასთან ახალი პროგრამის დაწყებას მხოლოდ მთავრობის მხრიდან პროგრამის მოთხოვნის შემთხვევაში განიხილავს.
ამჯერად, Bm.ge-მ ეროვნულ ბანკს მიმართა კითხვით, მოითხოვა თუ არა ნათია თურნავამ ახალი პროგრამა და თუ არა, რა იგულისხმება თანამშრომლობის გაფართოებაში, რასაც IMF-ის პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
გარდა ამისა, როგორც სებ-ის დღევანდელ პრესრელიზში წერია, თურნავამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში სსფ-ის მისიების ვიზიტებია მოსალოდნელი.
"მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. მეოთხე მუხლის მიმოხილვა, რომელიც აჯამებს ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას. იცით, რომ წინა მიმოხილვის შემდეგ გამოქვეყნდა ძალიან პოზიტიური ანგარიში, რომელშიც ხაზგასმული იყო საქართველოს ეკონომიკის განვითარება და მედეგობა სხვადასხვა შოკის მიმართ, მათ შორის მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა. დარწმუნებული ვართ, რომ შემდეგი მიმოხილვაც ასეთივე პოზიტიური შეფასებებით დასრულდება", - აღნიშნა თურნავამ.
ცნობისთვის, ე.წ. მეოთხე მუხლის ვიზიტებს ფონდი თავის წევრ ყველა ქვეყანაში თავისი მანდატის ფარგლებში ყოველწლიურად მართავს, რომელიც გლობალური ეკონომიკური და ფინანსური განვითარების მონიტორინგს ითვალისწინებს.
აშშ-ში დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
სებ-ის ინფორმაციით, ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავამ შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან და საქართველოში სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ასევე შეხვდა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ანტონელა ბასანის და აღმასრულებელ დირექტორს იუჯინ რუგენაათს.
გარდა ამისა, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ნათია თურნავა ინდოეთის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტს, სანჯაი მალჰოტრას შეხვდა, რა დროსაც საქართველოსა და ინდოეთის ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება გადაწყდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ამერიკული საინვესტიციო კომპანიების - J.P. Morgan-ის, Citibank - ისა და Bank of America-ს ინვესტორებთან, სადაც ნათია თურნავა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებისა და ინსტიტუციონალური ინვესტორების წინაშე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და მაკროეკონომიკური გარემოს შესახებ პრეზენტაციით წარდგა.




























