მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ს "დროებითი ბანკის" დაფუძნების რეკომენდაცია არ გაუცია, ამის საჭიროება არ დგას - ეროვნული ბანკი

615452d540e1b
ინგა მურუსიძე
29.09.21 21:50
671
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ორი დღის წინ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც “დროებითი ბანკების” შესახებ არის საუბარი. „დროებითი ბანკების“ მთავარი ფუნქცია კონკრეტული კომერციული ბანკის გადახდისუუნარობის პირობებში კონკრეტული ფინანსური ოპერაციების შესრულებაა“, - წერია დოკუმენტში. IMF-ი აღნიშნავს, რომ საქართველომ 2019 წელს მიიღო კომერციული ბანკების რეზოლუციის (მათი გადახდისუუნარობის) თაობაზე ახალი კანონმდებლობა, თუმცა რჩება სხვადასხვა საკითხი და რეგულაცია, რომლებზეც მუშაობა გრძელდება. მათ შორისაა სწორედ დროებითი ბანკების ოპერირების წესები და პროცედურები.

საკითხზე დღეს კომენტარი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ გააკეთა, რომელიც ამბობს, რომ ამ ეტაპზე „დროებითი ბანკის“ შექმნის აუცილებლობა არ დგას.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებით და რეკომენდაციით, 2019 წელს მივიღეთ ბანკების რეზოლუციის და გაჯანსაღების ჩარჩო. ეს კანონმდებლობა ჩვენ გვაძლევს ახალ ინსტრუმენტებს, რათა კრიზისების დროს ისინი გამოვიყენოთ ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. „დროებითი ბანკი“ არის ერთ-ერთი ისეთი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი ხდება ფინანსური კრიზისის დროს. „დროებით ბანკს“ აფუძნებს ფინანსთა სამინისტრო და მასზე სწრაფ რეჟიმში ლიცენზიას გასცემს ეროვნული ბანკი.

„დროებითი ბანკის“ დაფუძნებასთან დაკავშირებით პროცედურები და მეორადი კანონმდებლობა უკვე შევიმუშავეთ, ახლა დარჩენილია მცირე ნაწილი, რაც ამ რეფორმისთვის არის საჭირო და ამასაც მალე გავაკეთებთ, თუმცა დღეს „დროებითი ბანკის“ დაფუძნების საჭიროება არ დგას, სავალუტო ფონდის რეკომენდაცია არის ჩარჩოს სრულყოფა და საჭიროების შემთხვევაში ბანკის დაფუძნება, ხოლო პირდაპირ დროებითი ბანკის დაფუძნების რეკომენდაცია არ გაუციათ, რადგან ამის საჭიროება დღეს არ დგას“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები