მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IMF-ში მოელიან, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის გამო $50 მილიარდამდე მოცულობის დახმარების გაცემა მოუწევთ

კრისტალინა გეორგიევა IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი, კრისტალინა გეორგიევა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე გლობალური ფინანსური მხარდაჭერის გაზრდილ საჭიროებაზე საუბრობს.

მისი განცხადებით, ომის შედეგად გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, ფონდი უახლოეს პერიოდში $20 მილიარდიდან $50 მილიარდამდე მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას გეგმავს.

გეორგიევამ აღნიშნა, რომ მიმდინარე კონფლიქტი მსოფლიო ეკონომიკისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ნავთობის დღიური მიწოდება 13%-ით, ხოლო თხევადი ბუნებრივი აირის მოცულობა 20%-ითაა შემცირებული. როგორც ცნობილია, მიწოდების ჯაჭვების რღვევამ ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდა და გლობალური შოკი გამოიწვია.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირებასაც აანონსებს. გეორგიევას განმარტებით, ტექნოლოგიური ინვესტიციებისა და ხელსაყრელი ფინანსური პირობების გამო, ფონდი ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესებას გეგმავდა, თუმცა ომმა ეს დინამიკა შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან ორკვირიანი ზავი გამოაცხადა, ისრაელის მიერ ლიბანის დაბომბვამ მყარი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მოლოდინები ანალიტიკოსებს დაუკარგა.. გეორგიევას თქმით, ომს მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა აქვს წევრ სახელმწიფოებზე, განსაკუთრებით კი ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებზე, რომლებიც მსოფლიოს 80%-ს შეადგენენ.

როგორც IMF-ის ხელმძღვანელი ამბობს, კონფლიქტის გრძელვადიანი შედეგები რეგიონულ ინფრასტრუქტურასა და სავაჭრო გზებზეც აისახება. მაგალითისთვის, კატარის რას ლაფანის კომპლექსი, რომელიც ყურის ქვეყნების თხევადი გაზის 93%-ს აწარმოებს, დაბომბვის გამო მარტიდან გაჩერებულია და მის სრული დატვირთვით ამუშავებას შესაძლოა ხუთ წლამდე დასჭირდეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიწოდების შეფერხება კიდევ 45 მილიონ ადამიანს სასურსათო საფრთხის წინაშე დააყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები