მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმიტომ ხომ არ გინდათ სპორტული ფედერაციების ამ კანონიდან გამოყვანა, რომ დაფინანსებები შეუწყდებათ? - რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

ფრაქცია “ევროოპტიმისტების” დეპუტატი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც „რუსული კანონი“ სპორტულ ფედერაციებზე არ ვრცელდება, კორუფციული და ნეპოტისტურია.

პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, გოცირიძე დაინტერესდა რატომაა კანონპროექტში მსგავსი გამონაკლისი.

„მეორე მუხლის ა პუნქტი, სადაც წერია, რომ ისეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, არაკომერციული იურიდიული პირი, როგორიც არის სპორტული ფედერაციები, როგორც გამონაკლისი, არ ექცევიან ამ კანონების მოქმედების სფეროში. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ თქვენს მეგობრებს აფარებთ ხელს და გინდათ სასათბურე მდგომარეობაში ამყოფოთ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აგერ ზის, 270 მილიონი რომ აქვს ბიუჯეტიდან, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აგერ ზის, რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი აგერ ზის. ყველა ფედერაცია იღებს უამრავ ფულს, გრანტებს სხვადასხვა უცხოური წყაროებიდან. იმიტომ ხომ არ გინდათ ფედერაციების გამოყვანა, რომ დაფინანსებები შეუწყდებათ, რომ მოგვკვეთენ საერთაშორისო შეჯიბრებიდან, ევროპის ჩემპიონატიდანაც კი შეიძლება გამოგვაგდონ. თუ ასეთი კარგია, მე მოვუწოდებ ფედერაციების პრეზიდენტებს, გამოიჩინეთ სოლიდარობა, თქვით, რომ მუშაობთ გამჭვირვალედ, გინდათ 25 000 არასამთავრობო ორგანიზაციის მდგომარეობაში იმყოფებოდეთ. დაუყოვნებლივ ამოიღეთ ეს მუხლი, ეს არის კორუფციული, ნეპოტისტური მუხლი“-, გააცხადა გოცირიძემ.

"ქართული ოცნება" საქართველოში "რუსული კანონის" მიღებას წელსაც ცდილობს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია თუ მედიასაშუალება, რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო დონორული ორგანიზაციები, საერთაშორისო ფონდები თუ უცხოური ასოციაციებია. აღნიშნული არ ვრცელდება „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები