შპს „იმპექსფარმამ“ მრავალი ნიშნით (სქესი და ოჯახური მდგომარეობა) დისკრიმინაციის შესახებ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა. ინფორმაციას ომბუდსმენის სამსახური ავრცელებს.
საქმის მასალების თანახმად, ფოთის ერთ-ერთი აფთიაქის მენეჯერს, დეკრეტული შვებულების დასრულების შემდეგ, დამსაქმებელმა იგივე სამსახურებრივ პოზიციაზე დაბრუნებაზე უარი უთხრა და 2022 წლის 5 მარტიდან ანაზღაურების გარეშე შვებულებაში გაუშვა.
სახალხო დამცველის რეკომენდაციის განხილვის შედეგად, შპს „იმპექსფარმამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ:
- 2024 წლის 20 თებერვლიდან განმცხადებელთან აღედგინა შრომითი ურთიერთობა;
- განმცხადებელს აუნაზღაუროს განაცდური 2022 წლის 5 მარტიდან 2024 წლის 20 თებერვლამდე პერიოდისთვის;
- ასევე, 2024 წლის 20 თებერვლამდე შრომის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის, განმცხადებელს დამატებით გადაუხადოს სახელფასო ანაზღაურების 0.07%-ს.
სახალხო დამცველი მიესალმება შპს „იმპექსფარმას“ გადაწყვეტილებას რეკომენდაციის შესრულების თაობაზე და მიიჩნევს, რომ კერძო სექტორის მხრიდან გამოვლენილი მზაობა - უზრუნველყოს დასაქმებულთა უფლებების დაცვა, ხელს უწყობს შრომითი ბაზრის განვითარებას და პარალელურად, აუმჯობესებს ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს.
ომბუდსმენმა „იმპექსფარმში“ სქესის და ოჯახური მდგომარეობის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა