მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტიორებს ჩინეთში დოლარში გადარიცხვები ეზღუდებათ - სად არის გამოსავალი?

639c775c9dc0b
ვიქტორია მღებრიშვილი
16.12.22 23:55
1449
ჩინეთიდან საქონლის იმპორტიორ კომპანიებს ამერიკული დოლარის გადარიცხვასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. ეს იქიდანაა გამოწვეილი, რომ ქართული ბანკები ჩინეთში გადარიცხვებისთვის სატრანსპორტო დოკუმენტს ითხოვენ, რომელიც იმპორტიორებს საქონლის მიღების შემდეგ აქვთ ხოლმე და ტვირთის შეკვეთისას ამ დოკუმენტის წარდგენა არ შეუძლიათ. აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე დღის წინ ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების დაცვის მიზნით, კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან ირანთან დაკავშირებული პირების მიმართ გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები გაატარონ, ასევე, განახორციელონ ირანთან დაკავშირებული ტრანზაქციების გაძლიერებული მონიტორინგი და სანქციების დარღვევის რისკის არსებობის შემთხვევაში მსგავსი ტიპის ტრანზაქციები არ შეასრულონ.

გადარიცხვებთან დაკავშირებულ პრობლემაზე „საქმის კურსში“ იმპორტიორი კომპანია „ტექიმპორტის“ დამფუძნებელმა გიორგი სარალიძემ ისაუბრა.

„ჩემ შემთხვევაში ეს ორი დღის უკან მოხდა. ადრე თუ საკმარისი იყო ინვოისი და ხელშეკრულება ახლა სატრანსპორტო დოკუმენტს ითხოვენ, რომელიც ტვირთის ჩაბარებამდე არ გვაქვს ხოლმე.

პრობლემების მასშტაბი ძალიან დიდია, რადგან ჩინეთიდან იმპორტი ძალიან დიდია და ნებისმიერი კომპანია, რომელიც გადარიცხვას მოინდომებს იგივე პრობლემები შეექმნება. სანამ ქარხანა ტვირთის ღირებულებას არ ჩავურიცხავთ, იქამდე ტვირთს არავინ გზავნის, ამიტომ მივმართე ბანკს, გავხსენი ანგარიში იუანში და ანგარიშსწორება იუანში მოვახდინეთ. დოლარსა და იუანში გადარიცხვას შორის სხვაობა მინიმალური იყო“, - აღნიშნა გიორგი სარალიძემ.

„ტექიმპორტის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს საკითხები იმპორტიორის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს და ბანკებმა ირანის გავლით ტრანსპორტირების არიდების გარანტიები გადამზიდავ კომპანიებს უნდა მოსთხოვონ.

„ტვირთის ტრანსპორტირება ეხება გადამზიდავ კომპანიას. თუ ბანკებს სურვილი აქვთ, რომ ტვირთის ირანის გავლით ჩამოტანა თავიდან არიდებული იყოს, ეს გარანტიები სატრანსპორტო კომპანიას მოსთხოვონ. აქამდე ასე იყო იმპორტიორი წარადგენდა წერილს, რომ ეს ტვირთი ნამდვილად არ გაივლის ირანის დერეფანს. ეს მარტივი გამოსავალია“, - აღნიშნა სარალიძემ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები