მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთმა ექსპორტზე რეკორდული მოცულობის საბრძოლო იარაღი გაიტანა

63972e68570df
გიორგი თოლორდავა
13.12.22 00:15
654
წლის განმავლობაში ინდოეთმა ექსპორტზე რეკორდული, 1.7 მილიარდი დოლარის ღირებულების საბრძოლო იარაღი, ტყვია-წამალი და სამხედრო ტექნიკა გაიტანა.

თავდაცვის მინისტრ რაჯნათ სინგის განცხადებით, საექსპორტო მოცულობის ასეთი ტემპით ზრდა ნამდვილად აღსანიშნავი და მისასალმებელია, რადგან ათი წლის წინ ინდოეთს საერთაშორისო ბაზარზე თითქმის სამჯერ ნაკლები მოცულობის იარაღი და სამხედრო ტექნიკა გაჰქონდა.

ინდური წარმოების იარაღის ძირითად სარეალიზაციო ბაზარი აზია, აფრიკა და ოკეანეთია, კერძოდ: ტაილანდი, მალაიზია, ინდონეზია, ბანგლადეში, თურქეთი, ეგვიპტე, ომანი, ნიგერია, კენია, ჩილე და სურინამი.

მოგეხსენებათ, ინდოეთი ბუნებრივი რესურსებითა და ადამიანური კაპიტალით მდიდარი ქვეყანაა, რაც მას განსაკუთრებით ხელსაყრელს ხდის საბრძოლო ტექნიკის წარმოების კუთხით. ინდოეთს ექსპორტზე გააქვს როგორც სახმელეთო, აგრეთვე საზღვაო და საჰაერო ტექნიკაც, მათ შორის, გემები, თვითმფრინავები და რაკეტები.

მსოფლიოს რიგით მესამე უმდიდრესი ადამიანი, გაუტამ ადანი პროგნოზირებს, რომ 2050 წლამდე ინდოეთის ეკონომიკის მოცულობა 30 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება, მთლიანი შიდა პროდუქტის სწრაფი ზრდის ტემპი კი საუკუნის ბოლომდე შენარჩუნდება. ამ პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, ინდოეთი გერმანიასა და იაპონიას გადაუსწრებს და რიგით მესამე უმდიდრესი ეკონომიკა გახდება - აშშ-ისა და ჩინეთის გვერდით.

ადანის შეფასებით, 2050 წლამდე ინდოეთის ფასიანი ქაღალდების ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 45 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, რის შემდეგაც ინდოეთი ოფიციალურად და დამსახურებულად მიიღებს ზესახელმწიფოს სტატუსს.

უმდიდრესმა ინდოელმა მეწარმემ აგრეთვე აღნიშნა, რომ ახალი ბიზნესების შექმნის კუთხით ინდოეთი ამჟამად ლიდერია, გარდა ამისა, აზიური სახელმწიფოს მიმართ დაინტერესებას ისეთი ტექნოლოგიური გიგანტებიც გამოხატავენ, როგორიც Apple-ია, რომელიც ახალ iPhone 14-ს სწორედ ინდოეთში ააწყობს, ნაცვლად ჩინეთისა.

ცნობისთვის, 2022 წელს ინდოეთმა ეკონომიკის ზომით დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო, გაუტამ ადანიმ კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მესამე ადგილზე გადაინაცვლა - სულ რამდენიმე თვეში მან ჯეფ ბეზოსს, ბილ გეიტსსა და უორენ ბაფეტს გადაუსწრო.

მოსახლეობის, ტერიტორიისა და ბუნებრივი რესურსების გათვალისწინებით, ინდოეთის მიერ დიდი ბრიტანეთისთვის გადასწრება გარდაუვალი იყო, თუმცა პანდემიამ და რუსეთ-უკრაინის ომმა აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა.

ამჟამად ინდოეთის ეკონომიკის მოცულობა 3.2 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს. IMF-ის ვარაუდით, 2026 წლისთვის ინდოეთის მშპ-ის მაჩვენებელი $5.5-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბებს.

საგულისხმოა, რომ ეკონომიკის ზრდის პარალელურად, სწრაფი ტემპით იზრდება ინდოეთის მოსახლეობაც და პროგნოზირებულია, რომ მომავალ წელს ინდოეთი ჩინეთისთვის გადასწრებით მსოფლიოში პირველ ადგილს დაიკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები