მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთში ექსპორტი 114%-ით გაიზარდა - როგორია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირი?

ინდოეთი

წელს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყანასთან - ინდოეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 7%-ით შემცირდა. კლება იმპორტის ხარჯზე მოდის, ექსპორტი კი, 114%-ით გაიზარდა.

ინდოეთის რეგიონის სიდიდით მეორე ეკონომიკა 2024 წელს 7%-ით გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ინდოეთში 271 მილიარდერია. ჰურუნის კვლევითი ინსტიტუტზე დაყრდნობით Nikkei Asia პრესის ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, მუმბაიმ 92 მილიარდერით გაუსწრო ჩინეთის დედაქალაქ პეკინს და გახდა ქალაქი, სადაც აზიის კონტინენტზე ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს.

bm.ge გთავაზობთ საქართველოს ეკონომიკურ კავშირს ინდოეთთან, რომელიც მოსახლეობის რიცხოვნობით მსოფლიოს ნომერ პირველი ქვეყანაა. მოსახლეობამ 1,441 მილიარდს მიაღწია და მოსახლეობის რაოდენობით ჩინეთს გადაუსწრო.

ვაჭრობა

საქართველოსა და ინდოეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის 8 თვეში 7%-ით შემცირდა და 86.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი მხოლოდ 23 მლნ აშშ დოლარია, იმპორტი კი, 62.7 მლნ აშშ დოლარი. ზრდის მასტიმულირებელი ძირითადად სასუქებია.

ინდოეთში ექსპორტი წელს 114%-ით გაიზარდა. TOP-5 პროდუქტი:

  1. მინერალური, ქიმიური და აზოტოვანი სასუქები - $17.1 მლნ;
  2. სიგარები და სიგარილები - $2.9 მლნ;
  3. სპილენძის ნარჩენები და ჯართი - $1.6 მლნ;
  4. დანადგარები საკვები პროდუქტების ან სასმელების სამრეწველო წარმოებისათვის - 597 ათასი;
  5. ალუმინის ნარჩენები და ჯართი - $321.8 ათასი.

ინდოეთიდან იმპორტი 23.3%-ით შემცირდა. TOP-5 პროდუქტი:

  1. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $14.3 მლნ;
  2. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - $5.2 მლნ;
  3. სატელეფონო აპარატები - $4.9 მლნ;
  4. მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - $4.2 მლნ;
  5. ბრინჯი - $2.9 მლნ;

საანგარიშო პერიოდში ინდოეთისა და საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მაქსიმუმი გასულ 2023 წელს დაფიქსირდა 92.8 მლნ აშშ დოლარი.

FDI

გასულ წელს საქართველოში 7.7 მლნ აშშ დოლარის ინდური ინვესტიცია განხორციელდა. ამ კუთხით კი რეკორდული 2017 წელი იყო, 9.3 მლნ ინვესტიციით.

ბოლო წლების მაჩვენებელი ასეთია:

  1. 2023 - $7.7 მლნ;
  2. 2022 - $0.1 მლნ;
  3. 2021 - $6.8 მლნ;
  4. 2020 - $4.1 მლნ;
  5. 2019 - $7.5 მლნ.

ტურიზმი

გასულ წელს ტურისტების ოდენობით საქართველოში ინდოეთი 11 ადგილზე იყო 84,688 ვიზიტორით, რაც 60 %-ით მეტია 2022 წელზე.

რაც შეეხება მიმდინარე წლის სამი კვარტალის მონაცემებს. წელს, საქართველოში 87,491 ინდოეთის მოქალაქის ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე 47.6%-ით მეტია.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინდოელი ტურისტების სტატისტიკა მზარდია, რამდენიმე წელია საქართველოში ინდოელი ტურისტებისთვის ციფრული ვიზების გაცემის პრობლემა დგას.

რა კრიტერიუმით ეუბნება ხელოვნური ინტელექტი უარს ინდოელ ტურისტებს საქართველოს ვიზაზე? - სექტორი პრობლემებზე

ინდოეთიდან დიდი შანსი გვაქვს მოვიზიდოთ საქორწილო ტურიზმი, თუმცა ვიზების გაცემის პრობლემაა

ტურიზმის გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველო ინდოელი სტუდენტებისთვის რიგით მე-9 ყველაზე მსხვილი ბაზარია.

ამჟამად საქართველოში 16 357 ინდოელი სტუდენტი სწავლობს. Galt&Tagart-ის კვლევის მიხედვით, 2028 წლისთვის ეს მაჩვენებელი მოსალოდნელია, რომ 31 000-მდე გაიზრდება, რაც წლიურად 160 მლნ აშშ დოლარის შემოსავლები იქნება უმაღლესი განათლების სექტორისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები