მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდური და არაბული ინვესტიციით საქართველოში საინვესტიციო ფონდი დაფუძნდება

დავით ცირდავა

„საქართველოში საინვესტიციო ფონდის დაფუძნებას ვგეგმავთ“, - ამის შესახებ „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის“ (BCAGC) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავამ „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ფონდის საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზიის მისაღებად ეროვნულ ბანკთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

"უკვე დავიწყეთ პროცესი საინვესტიციო ფონდის რეგისტრაციისთვის. „ევროპა-აზიის საინვესტიციო ფონდს" 20-მდე ინვესტორი ეყოლება და საწყის ეტაპზე 50 მლნ დოლარის კაპიტალით დაიწყებს ოპერირებას. ეს იქნება ღია ფონდი და ქართული ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს ეროვნულ ბანკთან და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაზე ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს. ვფიქრობთ, თებერვლის ბოლოს მარტის დასაწყისში ფონდის რეგისტრაცია დასრულდება,“ - აცხადებს დავით ცირდავა.

BCAGC-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, სურვილია ფონდმა ინვესტირება მოახდინოს განახლებადი ენერგიის, დეველოპერულ და სტუმარმასპინძლობის სექტორებში.

ცნობისთვის: ბოლო 10 თვეში საინვესტიციო ფონდების რაოდენობა 5-დან 12-მდე გაიზარდა. 2023 წლის მარტის მდგომარეობით ფონდების რაოდენობა 5-ს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით კი თორმეტამდეა გაზრდილი.

არსებული 12 საინვესტიციო ფონდის მართვის ქვეშ არსებული აქტივების ჯამური მოცულობა ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. როგორც bm.ge-ს სებ-ში უთხრეს, 2023 წლის ბოლოს მდგომარეობით განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი 2024 წლის თებერვლის ბოლოს იქნება.

რაც შეეხება 2022 წლის მონაცემს, Bm.ge-ს მიერ საქართველოს ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია გითხრათ, რომ 2022 წლის ბოლოს მდგომარეობით საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების ჯამური მოცულობა 92 მლნ ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები