ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც წლევანდელ წელს განვითარდა და რასთანაც ჩვენ გამკლავება მოგვიხდა, ეს იყო ნამდვილად მაღალი ინფლაცია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, „ინფლაცია გაიქცა..“.
„წლევანდელი წელი რამდენადაც დადებითის მომტანი იყო ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, იმდენად გამოწვევებით აღსავსე იყო. გამოწვევა ზოგადად არის და რჩება ჩვენთვის სიღარიბის დაძლევა და სწორედ ის, რომ ჩვენი მაღალი ეკონომიკური ზრდის ციფრები პირდაპირ ითარგმნებოდეს, გადადიოდეს და აისახებოდეს ოჯახების კეთილდღეობაზე.
და გამოწვევა ერთ-ერთი, რომელიც წლევანდელ წელს განვითარდა და რასთანაც ჩვენ გამკლავება მოგვიხდა, ეს იყო ნამდვილად მაღალი ინფლაცია. ინფლაცია გაიქცა... ცალსახად ვაღიარებთ რომ ინფლაცია არის დიდი გამოწვევა. ინფლაცია, რომელიც აისახა ჩვენს სუფრაზეც გარკვეულწილად, იმიტომ რომ სამომხმარებლო პროდუქტების რაღაც ნაწილი, განსაკუთრებით იმპორტზე დამოკიდებული პროდუქტები გაძვირდა. ამაზე კურსთა სხვაობამ და ლარის კურსის რყევებმა მოახდინეს თავისი ნეგატიური გავლენა, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებმა და ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიტიკურმა პროცესებმაც დიდად შეუწყვეს ხელი. ჩვენ ნათლად ვხედავდით, როგორ მიჰყვებოდა ლარის კურსი აი ამ არასტაბილურობას“, - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ნოემბერში ინფლაცია 7%-მდე გაიზარდა, რაც 2017 წლის შემდგომ რეკორდული მაჩვენებელია.




























