საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განცხადებით, ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებელზე წლის ბოლომდე ჩამოვა იქამდე კი სები გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს.
მედიასთან საუბრისას ლეჟავამ აღნიშნა, რომ განახლებული საპროგნოზო მაჩვენებლები 30 მარტს მკპ-ს სხდომაზე გახდება ცნობილი.
“ეკონომიკის კლება იქნება თუმცა აქ დეტალებში ვერ შევალ, ჩვენი პროგნოზით კოვიდის ფონზე კლება ამ შემთხვევაშიც ნაკლები დაფიქსირდება.
ჩვენი განახლებული ზრდის პროგნოზი არ მინდა დავაანონსო მონეტარული კომიტეტის სხდომამდე.
რაც შეეხება ინფლაციას, წლის ბოლომდე ჩამოვა ერთნიშნა მაჩვენებელზე, მარტის ინფლაციაც გამოქვეყნდება მალე და უკვე შემცირებული იქნება, თუმცა ჯამურად ინფლაცია მაღალ დონეზე ნარჩუნდება და შესაბამისი იქნება ჩვენი მონეტარული პოლიტიკა, რომელიც დღესაც უკვე საკმაოდ გამკაცრებულია. წლის განმავლობაში ინფლაცია მაღალი იქნება თუმცა კლების ტენდენცია წლის ბოლომდე დაიწყება.”-განაცხადა ლეჟავამ.
ამჟამად ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-ია.




























