“ამან არ უნდა გაგვათამამოს, ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ გავხდით მაგრები. ჩვენ მაგრები სიტუაციამ გაგვხადა, ამიტომ ნუ ვიტრაბახებთ რომ მაგრები ვართ", - ასე აფასებს აპრილში წლიური ინფლაციის შემცირებას ბიზნესმენი და "მაკდონალდს საქართველოს" პრეზიდენტი თემურ ჭყონია.
მისი თქმით, რამდენადაც სამწუხაროა ომი რეგიონში, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკას ომის ვითარება წაადგა.
“ინფლაციის შემცირებას უამრავი ფაქტორი აქვს, თუ შეგვიძლია ასე დავარქვათ, რომ გვაქვს ეკონომიკური აღორძინება, ამასაც თავის წილი აქვს. ეკონომიკურ განვითარებაზე საქართველოში მოქმედებს რუსეთ-უკრაინის ომი. ქვეყანაში ხდება შემოსავლების ზრდა, ამასთან ერთად ბიზნესებიც ვითარდება, კონკურენცია შემცირებულია, გახსნილია რუსეთის ბაზარი, ამიტომ ბევრი კომპონენტია, რის გამოც ეს მაჩვენებელი გვაქვს დღეს. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, საქართველოს ეკონომიკას ომის ვითარება წაადგა.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არასტაბილური სიტუაციაა ქვეყანაში, მეორე მომენტია უცოდინრობა. როცა ბიზნესის განვითარება რაღაცის ხარჯზე ხდება, ეს ხელს უშლის ბიზნესმენების ცოდნის განვითარებას, განუვითარებლობა კი არასტაბიურობის პროგნოზირებას იწვევს. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ დროებითია ინფლაციის მაჩვენებლების შემცირება. უფრო ღრმა ანალიზები სჭირდება და მეტი ცოდნა. მოგების ზრდა, ფულის შოვნა თუ არ არის დაბალანსებული ცოდნასთან, სიტუაცია არის ყოველთვის არასტაბილური. შესაბამისად, ამან არ უნდა გაგვათამამოს, ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ გავხდით მაგრები. ეს არის მთავარი, ჩვენ მაგრები სიტუაციამ გაგვხადა, ამიტომ ნუ ვიტრაბახებთ რომ მაგრები ვართ, არ არის ასე.. თუ სწორად გამოვიყენებთ სიტუაციას და უფრო მაგრები გავხდებით, ოღონდ ცოდნით, უფრო სტაბილურიებიც ვიქნებით და თუ ასე გავყვებით, ვიქნებით არასტაბილურები", - ამბობს თემურ ჭყონია.
ცნობისთვის, საქსტატმა 2023 წლის აპრილის წლიური ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში ფასების საერთო დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა, ასეთი დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში ბოლოს 2021 წლის იანვარში იყო.