მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაციური ზეწოლა EBRD-ის ქვეყნებში ეკონომიკურ ზრდას ისევ აფერხებს - მიმოხილვა

64632f453b69a
BM.GE
16.05.23 11:29
519
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) უახლესი რეგიონული ეკონომიკური ანგარიშის (Regional Economic Prospects) მიხედვით, ბანკი პროგნოზირებს ევროპაში და სხვა რეგიონებში ეკონომიკური ზრდის შენელებას. მთავარი ფაქტორებია მაღალი გაზის ფასები და ცვალებადი ფინანსირების პირობები.

2023 წელს, ბანკის რეგიონებში წარმოების მოცულობა 2.2 პროცენტით გაიზრდება, რაც თებერვალში პროგნოზირებულ 2.3 პროცენტზე ოდნავ ნაკლებია. ინფლაციური ზეწოლის თანდათანობით შემცირების გამო, 2024 წელს 3.4 პროცენტამდე ეკონომიკური ზრდა არის ნავარაუდევი (რაც თებერვალში პროგნოზირებულ 3,3 პროცენტზე მეტია).

2023 წლისთვის დაღმავალი ტენდენციის განმაპირობებელი ფაქტორებია: თებერვლის მიწისძვრების ეკონომიკური ზემოქმედება და საკრედიტო პირობების მოსალოდნელი გამკაცრება თურქეთში; დაგვიანებული რეფორმები სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში; ასევე ზრდის შენელება მოწინავე ეკონომიკის ქვეყნებში, მუდმივი ინფლაცია და დაფინანსების გამკაცრებული პირობები ცენტრალურ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

2021 წელს, რუსეთის უკრაინაში უკანონო შეჭრამდე, EBRD-ს ქვეყნების ეკონომიკები 7,2 პროცენტით გაიზარდა. 2022 წელს კი ეკონომიკური ზრდა 3,3 პროცენტამდე შემცირდა. 2022 წელი კორონავირუსის პანდემიის შემდგომი აღდგენით დაიწყო. თუმცა 2022 წლის მესამე და მეოთხე კვარტლებში უარყოფითი ზრდა დაფიქსირდა.

ეს არის მეოთხე ტექნიკური რეცესია, EBRD-ის რეგიონებისთვის 1990-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ, დანარჩენებია - 1997-1998 წლებში აზიის ქვეყნების და რუსეთის ეკონომიკური კრიზისი, 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისი და Covid-19 პანდემია.

აღსანიშნავია რომ 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კვარტალური ზრდის ადრეული შეფასებების მონაცემები წინასწარია და შესაძლოა გადაისინჯოს.

„ჩვენს ახალ ანგარიშს თავის გატანას ვუწოდებთ“, - თქვა ბეატა იავორჩიკმა, EBRD-ის მთავარმა ეკონომისტმა. „ინფლაციას, შესაძლოა, კლების ტენდენცია ჰქონდეს, მაგრამ ის ჯერ კიდევ ორნიშნა რჩება იმ ქვეყნების სამ მეოთხედზე მეტში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. ჩვენ ასევე გვაქვს უამრავი ფაქტი იმისა, რომ EBRD-ის რეგიონებში ოჯახები სიძნელეებს განიცდიან რადგან მათ მოუწიათ ორ რეცესიასთან გამკლავება, ერთი მეორის მიყოლებით.”

მიუხედავად იმის რომ ინფლაციამ კლება დაიწყო (ენერგიის ფასების შემცირების გამო),მარტში, EBRD-ის რეგიონებში ის მაინც საშუალოდ 14.3 პროცენტს შეადგენდა.

EBRD-ის გამოკითხვის „ცხოვრება გარდამავალ პერიოდში“ შემდეგი რაუნდის წინასწარი შედეგები, ოჯახების რეპრეზენტაციული გამოკითხვა, რომელიც ჩატარდა EBRD-ის მიერ მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით, მიუთითებს იმაზე, რომ EBRD-ის რეგიონებში ოჯახების 55 პროცენტს არ შეუძლია ფულის გადადება, რადგან ისინი ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობენ, ხოლო გამოკითხულთა 10 პროცენტი აცხადებს, რომ ვალები აქვს.

ოჯახების უმეტესობას აქვს ძალიან შეზღუდული დანაზოგები; EBRD-ის რეგიონებში ოჯახების 59 პროცენტი აცხადებს, რომ არ შეუძლია დაფაროს ძირითადი ხარჯები თავისი დანაზოგიდან ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

გამოკითხვის „ცხოვრება გარდამავალ პერიოდში“ დამატებითი მონაცემები წლის ბოლოს გამოქვეყნდება, EBRD-ის ანგარიშთან ერთად გარდამავალი პერიოდის შესახებ.

EBRD-ის რეგიონებში

პროგნოზის მიხედვით, ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდება, და შეადგენს 5,2 პროცენტს 2023 წელს (გადასინჯული თებერვლიდან) და 5,4 პროცენტს 2024 წელს. რუსული ბიზნესის რელოკაცია და ნავთობის გაზრდილი ექსპორტი ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას ყაზახეთში, ხოლო მონღოლეთი სარგებელს იღებს სამთო-მოპოვებითი მრეწველობის გაფართოებით და ჩინეთის ეკონომიკის აღდგენით.

ცენტრალურ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში მოსალოდნელია წარმოების მოცულობის გაზრდა მოკრძალებული 0,5 პროცენტით 2023 წელს (გადასინჯული თებერვალთან შედარებით), მოწინავე ქვეყნების ეკონომიკის მოსალოდნელზე ნელი ზრდის და მუდმივი ინფლაციის გამო. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი 2022 წელს სტაბილური აღმოჩნდა, კორონავირუსის შემდგომ ეკონომიკური აღდგენა ნელი ტემპით მოხდა, რამაც განაპირობა უარყოფითი ეკონომიკური ზრდა კვარტალური მონაცემების მიხედვით. 2024 წელს, სავარაუდოდ ეკონომიკური ზრდის ტემპი 2,9 პროცენტამდე აიწევს.

აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შენელება რადგან გაუთვალისწინებელმა ფაქტორებმა რომლებმაც 2022 წლის განმავლობაში ეკონომიკური აქტივობის სტიმულაცია განაპირობა, შემცირდება. ახალი პროგნოზით, რეგიონის ეკონომიკური ზრდის ტემპი 2023 წელს 1,9 პროცენტით და 2024 წელს 3,3 პროცენტით გაიზრდება.

სავარაუდოდ, უკრაინის ეკონომიკა მცირედად გაიზრდება, ერთი პროცენტით 2023 წელს და სამი პროცენტით 2024 წელს, ბიზნესის საომარ პირობებთან ადაპტაციის გამო.

2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაუმჯობესდა ევროკავშირის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონისთვის, რაც ევროზონაში გაწევრიანების პერსპექტივით არის განპირობებული. 2022 წლის ბოლო კვარტალში, აღნიშნულმა ხელი შეუწყო ინვესტორთა ნდობის გაზრდას ბულგარეთში, სახელმწიფო ინვესტიციების გაზრდას რუმინეთში და წარმოების მოცულობის გაზრდას საბერძნეთში. პროგნოზის თანახმად, რეგიონში ეკონომიკური ზრდა 2023 წელს შეადგენს 2.3 პროცენტს და 2024 წელს 3 პროცენტს.

სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მოსალოდნელია წარმოების მოცულობის ზრდა 3.6 პროცენტით 2023 წელს და 4.4 პროცენტით 2024 წელს. 2023 წლისთვის დაღმავალი პროგნოზი ასახავს რეფორმების შეფერხებას, ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ნელი ტემპის გვერდით ეფექტებს და გაზრდილ ფისკალურ და გარე მოწყვლადობას ეგვიპტეში.

პროგნოზის თანახმად, თურქეთის ეკონომიკური ზრდა შენელდება 2.5 პროცენტამდე 2023 წელს და 3 პროცენტამდე 2024 წელს. 2023 წლის დაღმავალი პროგნოზი ასახავს 2023 წლის თებერვლის მიწისძვრების გავლენას და ასევე საკრედიტო პირობების მოსალოდნელ გამკაცრებას 2023 წლის მეორე ნახევარში.

2023 წელს დასავლეთ ბალკანეთში წარმოების მოცულობის პროგნოზი გაიზრდება 2.2 პროცენტით ინფლაციური ზეწოლის ფონზე და ევროპის განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების მოკრძალებული პერსპექტივის პირობებში, ხოლო 2024 წელს ეკონომიკური ზრდა 3.4 პროცენტამდე აიწევს.

საქართველოში

2023 წლის დასაწყისში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შენელება დაიწყო. აღსანიშნავია რომ 2023 წლის პირველ თვეებში, მშენებლობის, ვაჭრობის და ფინანსური მომსახურების სფეროები გაფართოვდა. თუმცა წარმოების და უძრავი ქონების სექტორები მცირედად შემცირდა.

გასულ წელს საქართველოს ეკონომიკამ სარგებელი მიიღო კაპიტალის ინტენსიური შემოდინებით და სერვისებზე მაღალი მოთხოვნით, რაც გამოწვეული იყო რუსეთიდან ადამიანური კაპიტალის, (მათ შორის იქ მცხოვრები ქართველების), შემოდინებით. საერთაშორისო მგზავრებისგან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიამდე არსებულ დონეს გადააჭარბა, და ფულადი გზავნილების სუფთა შემოდინება გაორმაგდა.

უცხოური კაპიტალის შემოდინებამ დაფარა სავაჭრო ბალანსის დეფიციტი, ხოლო ადგილობრივი ვალუტის გამყარებამ ცენტრალური ბანკის დროული მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ხელი შეუწყო ინფლაციის სტაბილურ შემცირებას, 2023 წლის მარტისთვის 5.3 პროცენტამდე.

EBRD-ის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 2023 წელს 5 პროცენტს შეადგენს, ხოლო 2024 წელს 5,3-ზე დასტაბილურდება. ზრდის პერსპექტივებს კვლავ მაღალი გეოპოლიტიკური რისკების ფონი ახლავს. იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ახლო მომავალში დაიწყება, პოტენციურ პროცესთან შესაბამისი რეფორმები ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე დადებითად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები