ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ფიქრობს, რომ თუ ნავთობის ფასი არსებულ რეკორდულ ნიშნულზე შენარჩუნდება, საქართველოში მომდევნო თვეებში ინფლაციის დონე, შესაძლოა, 10%-იან ნიშნულამდე გაიზარდოს.
როგორც ეკონომისტმა „საქმიანი დილის“ ეთერში განმარტა, ენერგორესურსების გაძვირება სხვადასხვა პროდუქტებისა და მომსახურებების ფასების ზრდას იწვევს, რაც მთლიან ინფლაციაზე დამატებით ზეწოლას ქმნის. სწორედ ამიტომ მარტსა და აპრილში, ინფლაციის დინამიკის დაკვირვება მნიშვნელოვანი იქნება.
„ბოლო პერიოდში ეკონომიკური მდგომარეობა დამძიმდა. თუ აქამდე ფასების ზრდა, ძირითადად, ადგილობრივი ინფლაციით იყო განპირობებული, ახლა ვითარება იცვლება. მას ემატება იმპორტირებული ინფლაციის რისკიც, რაც განსაკუთრებით ენერგორესურსების, მათ შორის ნავთობპროდუქტების გაძვირებას უკავშირდება.
საქართველოს ეკონომიკა ამ მხრივ განსაკუთრებით მგრძნობიარეა, რადგან ქვეყანა მნიშვნელოვანწილად იმპორტზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ნავთობის ფასების ზრდა სხვადასხვა სექტორზე პირდაპირ აისახება, დაწყებული სოფლის მეურნეობით, გაგრძელებული საცალო ვაჭრობითა და დისტრიბუციით, სადაც ტრანსპორტირება ძირითადად ავტოსატრანსპორტო საშუალებებზეა დამოკიდებული. ამიტომ მარტსა და აპრილში ინფლაციის დინამიკის დაკვირვება მნიშვნელოვანი იქნება.
თუ გლობალური კონფლიქტები გაგრძელდება და ნავთობის ფასები მაღალ ნიშნულზე, მაგალითად, 120–150 დოლარის ფარგლებში დასტაბილურდება, ეს საქართველოს ეკონომიკას ახალ რეალობაში გადაიყვანს. ასეთ პირობებში ფასების ზრდა გარდაუვალი გახდება და გავლენას როგორც ბიზნესზე, ისე მომხმარებელზე მოახდენს“, - განაცხადა ხიშტოვანმა.
ინფლაციასთან გამკლავების ერთ-ერთ ბერკეტად გიორგი ხიშტოვანი საგადასახადო პოლიტიკის გადახედვას განიხილავს. მისი შეფასებით, მაგ. საწვავის აქციზის ცვლილება ფასების ზრდას შეამსუბუქებდა, თუმცა არსებული ბიუჯეტური რესურსების პირობებში მსგავსი ნაბიჯების განხორციელებას ის ნაკლებად რეალისტურად მიიჩნევს.
„როდესაც „ქართული ოცნება“ მაღალ ფასებზე უკმაყოფილებას გამოთქვამდა, მაშინაც გაჟღერდა, რომ არსებობს სხვადასხვა მიდგომა და ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გზად დიფერენცირებული საგადასახადო რეჟიმი განიხილებოდა. თუმცა ამ თემაზე ვიხილეთ, საკმაოდ მწვავე და სინქრონული რეაქციები მათი მხრიდან, რამაც აჩვენა, რომ ეს საკითხი მათთვის ძალიან სენსიტიურია.
დღეს, ბუნებრივია, ძლიერი და პასუხისმგებლობიანი მთავრობა უნდა ფიქრობდეს იმაზე, რა ბუფერები აქვს, რათა პროცესებმა უმართავი ხასიათი არ მიიღოს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკვე დაახლოებით 5%-იან ინფლაციას ვხედავთ, რომელიც ძირითადად, ადგილობრივი ფაქტორებით იყო განპირობებული. თუ ამას დამატებით გარე წნეხიც დაემატება, ინფლაცია, შესაძლოა, მნიშვნელოვნად 10%-მდეც კი გაიზარდოს. ასეთ შემთხვევაში მისი შეჩერება ეკონომიკისთვის ბევრად უფრო ძვირი გახდება. ამ პირობებში, მთავრობას შესაბამისი ინსტრუმენტები უნდა ჰქონდეს. ერთ-ერთ ასეთ მექანიზმად შეიძლება აქციზის გადასახადის გადახედვა განიხილებოდეს, რაც ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდის ნაწილობრივ სტაბილიზაციას შეუწყობდა ხელს. თუმცა აქ ვაწყდებით მთავარ პრობლემას - სახელმწიფო ბიუჯეტში ამისთვის საკმარისი რესურსი არ არსებობს. ბიუჯეტის მდგომარეობას თუ შევხედავთ, პირველი ორი თვის მონაცემებით, საგადასახადო შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნომინალში მხოლოდ 4%-ით არის გაზრდილი, მაშინ როცა ინფლაცია დაახლოებით 4.6%-ს შეადგენს. ეს მიუთითებს, რომ რეალურად სახელმწიფო ვერ ახერხებს საკმარისი საგადასახადო შემოსავლების მობილიზებას.
სწორედ აქ იკვეთება დუალიზმი - ერთი მხრივ, გვაქვს ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის შესახებ ნარატივი, ხოლო მეორე მხრივ, როდესაც რეალური გარე შოკი უქმნის საფრთხეს ეკონომიკას, ირკვევა, რომ არ არსებობს საკმარისი ბუფერები, რათა სახელმწიფომ საგადასახადო პოლიტიკით ეფექტურად დაეხმაროს ბიზნესს და განსაკუთრებით იმ სექტორებს, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებიან“, - განაცხადა ხიშტოვანმა.
2026 წლის თებერვალში საქართველოში ინფლაცია 4.6% იყო, რაც იანვართან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელი იყო.
ფასების ზრდის მთავარი მდგენელი კვლავ სურსათის ფასის ზრდაა, სადაც ფასები წლიურად 9.5%-ით იყო გაზრდილი. ჯანდაცვის სექტორში ფასები 5.9%-ით, ხოლო ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასების 4.3%-ით იყო გაზრდილი, რაც ძირითადად თამბაქოზე აქციზის ზრდით იხსნება.




























