რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფის შემდეგ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას ირაკლი ქარსელაძე გააგრძელებს - ეს დაზუსტება ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
არსებული მდგომარეობით, "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს" 2025 წლის ბიუჯეტი 3.12 მილიარდ ლარს შეადგენს, მის ადმინისტრაციაში კი 306 ადამიანი არის დასაქმებული. უწყების ორი ძირითადი საქმიანობაა ქვეყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონებში სხვა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
ირაკლი ქარსელაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 22 თებერვლიდან ხელმძღვანელობს.
სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მას გააჩნია 22-წლიანი სამუშაო გამოცდილება მკვლევრის პოზიციიდან უმაღლესი მენეჯერული თანამდებობების ჩათვლით, როგორც არასამთავრობო, ისე სამთავრობო და კერძო სექტორის წამყვან მულტინაციონალურ და ადგილობრივ კომპანიებში.
გააჩნია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის, ლოგისტიკის, სახელმწიფო და საერთაშორისო შესყიდვების, საერთაშორისო ფინანსური დავების, უმსხვილესი სახელმწიფო პროექტების ადმინისტრირების გამოცდილება.
2018 წლის აპრილიდან დღემდე იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოზიციას.
2012 წლიდან მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
მინისტრის პირველ მოადგილედ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნამდე იკავებდა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდისა და შვილობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, ამავდროულად იყო საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ირაკლი ქარსელაძე დაიბადა 1978 წლის 28 თებერვალს, ქ. ქუთაისში.
„ოცნების“ მთავრობამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფის გადაწყვეტილება მიიღო, რისთვისაც უკვე შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტში წარადგინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლილი კონსულტაციების შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანო 15-18 აპრილის სასესიო კვირაში მიიღებს. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და მას სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ჩაიბარებს. მისი თქმით, ახალი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტიანობისა უზრუნველყოფა იქნება.
ახალი სამინისტროს შექმნამ მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე ცვლილება გამოიწვია, კონკრეტულად კი სუს-ის ხელმძღვანელად იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი გადავა, ხოლო მის ადგილს იუსტიციის სამინისტროში "ოცნების" დეპუტატი პაატა სალია დაიკავებს.




























