მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურის სამინისტრო 0%-ზე შესრულებულ პროექტებზე განმარტებას აკეთებს

5ecd0b00594be
შოთა ტყეშელაშვილი
26.05.20 16:30
1964
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2019 წლის ბიუჯეტის საინვესტიციო პროექტების შესრულებაში არსებული შეფერხებების შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს პასუხობს. შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოხვდა 11 საინვესტიციო პროექტი, რომელთა ათვისების მაჩვენებელიც 0%-ია. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ-ერთი უწყება იყო, რომელსაც ამ პროექტების ნაწილის განხორციელება ევალებოდა. დღეს გავრცელებულ განცხადებაში სამინისტრო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სახსრების აუთვისებლობა სხვადასხვა მიზეზებს უკავშირდება. მათ შორისაა დონორებთან გაჭიანურებული მოლაპარაკებები, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი იყო.

სამინისტროს განმარტება:

• თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (JICA) - 48.8 მლნ ლარი (სესხი), შესრულება 0%;

დაგეგმილი თანხის ათვისება ვერ მოხდა დაფინანსების წყაროს შეცვლის გამო. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო JICA -ს ფინანსური რესურსით. 2019 წელს ინტენსიური მუშაობით დღეს უკვე გვყავს როგორც ახალი დონორი, ასევე უკვე გვყავს ამ მონაკვეთზე გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც 2020 წლის 16 იანვარს ხელშეკრულება გაფორმდა. JICA-ს სესხზე პროცენტის დარიცხვა არ განხორციელებულა.

• ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი (EU, KfW) - 15 მილიონი ლარი, განახლებული პროექტით 0 ლარი (სესხი), შესრულება 0%;

დაგეგმილი თანხის ათვისება ვერ მოხდა ნარჩენების განთავსების ადგილის ცვლილების გამო. ცვლილება გამოიწვია მოსახლეობის პროტესტმა ადგილთან მიმართებაში. ჩვენი მიდგომა არის ნებისმიერი ქმედება შეთანხმებული იყოს მოსახლეობასთან, რადგან ყველა სახის ინფრასტრუქტურა ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისათვის არის მიმართული. შესაბამისად, 2019 წლის განმავლობაში, როდესაც განხორციელების პროგრესის ანალიზი გავაკეთეთ, შესაბამისად დამტკიცებული გეგმა განულდა.

• საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი (EIB) - თავდაპირველი პროექტით 8 მლნ ლარი (სესხი), განახლებული პროექტით 1.6 მლნ ლარი, შესრულება 0%;

დაგეგმილი თანხის ათვისება ვერ მოხდა დონორთან პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების შეთანხმების გაჭიანურებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ჩვენი ინტენსიური მუშაობის მიუხედავად, დღემდე ვერ შევძელით შესაბამისი თანხმობის მიღება და პროექტების აქტუალობიდან გამომდინარე (მათ შორისაა საბავშვო ბაღების მშენებლობა) ამ ეტაპზე მიმდინარეობს ღონისძიებები დაფინანსების წყაროს შეცვლასთან მიმართებაში, რაც წელს პროექტების დაწყების საშუალებას მოგვცემს. EIB-ს სესხზე პროცენტის დარიცხვა არ მომხდარა, რადგან სესხის პროცენტი დონორიდან ათვისებულ თანხას ერიცხება.

ეს სამუშაო პროცესის ნაწილია და თანხების გადანაწილების საშუალებას კანონმდებლობა იძლევა.

ამ მიდგომამ, არსებული ხელმისაწვდომი რესურსის ფარგლებში, შესაძლებელი გახადა პრიორიტეტული პროექტების განხორციელების დაჩქარება. ასევე, წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება, მათ შორის დონორის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების ფარგლებში შევძელით დაგეგმილზე 13%-ით მეტი (დაახლოებით 115,3 მილიონი ლარი) ფინანსური რესურსის ათვისება, ისევე როგორც გავზარდეთ ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების დაჩქარებიდან გამომდინარე ასათვისებელი წლიური თანხა,”- ნათქვამია სამინისტროს განმარტებაში.

ამასთან ინფრასტრუქტურის სამინისტრო აღნიშანვს, რომ 2019 წელს მათ სხვა პროგრამებში რეკორდული ათვისება ჰქონდათ.

“2019 წლის წლიური შედეგებით სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო შესრულება 2 121.2 მლნ ლარს შეადგენდა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამინისტრომ შეძლო 459.5 მლნ ლარით მეტი ფინანსური რესურსის ათვისება,”- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები