მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზუგდიდამდე 75-კილომეტრიანი 4-ზოლიანი მაგისტრალის აშენებას გეგმავს

გზა ავტობანი მაგისტრალი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამეგრელოს რეგიონში 4-ზოლიანი მაგისტრალის განვითარებას გეგმავს - ამის შესახებ "ოცნების" მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სამტრედია-ზუგდიდის 75.7 კმ-იანი მონაკვეთების დეტალური პროექტის მომზადება იგეგმება.

"იგეგმება ასევე სამტრედია-ზუგდიდის 75.7 კმ-იანი მონაკვეთის დეტალური პროექტირების მომზადება, რომელზეც მუშაობელია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაცია. აღნიშნული მაგისტრალის - სამტრედია-ცაცხვის მონაკვეთი 4-ზოლიანი იქნება და ასევე 4-ზოლიანი იქნება ცაცხვი-რუხის მონაკვეთის სამუშაოებს ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ,“ - აღნიშნა მინისტრმა.

გარდა სამეგრელოში ჩქაროსნული მაგისტრალის განვითარებისა, სოხაძემ სხვა დაგეგმილი პროექტების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, დაგეგმილია ქობულეთის შემოვლითი გზის 31 კმ-იანი მონაკვეთის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზება, რომელიც, სავარაუდოდ, 2027 წელს დაიწყება.

ასევე იგეგმება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც ოთხ ლოტადაა დაყოფილი. სატენდერო პროცედურები მეორე და მესამე ლოტებზე დაიწყება 2025 წელს, ხოლო მეოთხე და მეხუთე ლოტებზე - 2026 წელს. სამუშაოების დაწყება დაგეგმილია 2026–2027 წლებში.

2027 წლიდან დაიწყება ბადიაური–ბაკურციხის 31.7 კმ-იანი ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, მიმდინარეობს შესაბამისი გეგმების განახლება. იგეგმება აგრეთვე გურჯაანი–თელავის 36.6 კმ-იანი და წნორი–ლაგოდეხის 40.4 კმ-იანი მონაკვეთების პროექტირება.

ჩრდილოეთის მიმართულებით, ნატახტარი–ჟინვალის 26.8 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალის, ასევე არშა–სტეფანწმინდისა და ფასანაურის შემოვლითი გზების მშენებლობა 2027 წლიდან დაიწყება.

მინისტრის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს თბილისის გასასვლელის დეტალური პროექტირება. დაგეგმილია გორამდე, მაგისტრალის 6 ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და დეტალური პროექტის მომზადება და თბილისის სამხრეთ შემოსავლელის მშენებლობის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება.

„ეს პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის სატრანსპორტო ქსელს, ხელს შეუწყობს რეგიონული კავშირების გაძლიერებას და ეკონომიკური პოტენციალის ზრდას,“- აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები