ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, რომ შუა დერეფნის გააქტიურებისთვის აუცილებელია საქართველოს როგორც ცენტრალურ, ასევე ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობა. ამის შესახებ მან EUGBC-ის ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ორგანიზებულ შავი ზღვის პლატფორმის მეხუთე კონფერენციის დაწყებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
"ვცდილობთ, შუა დერეფანში საქართველოს ევროპული კარიბჭის ფუნქცია ბოლომდე არ მოკვდეს" – EUGBC შავი ზღვის პლატფორმის კონფერენციას მართავს
„მეხუთე კონფერენციაზე, ესწრებიან ცენტრალური აზიის წარმომადგენლები, ჩვენი მეზობლები აზერბაიჯანიდან, ასევე სომხეთიდან და, რაც მთავარია, ევროპელები: რუმინეთიდან, უნგრეთიდან და ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან. რაც შეეხება კონფერენციის მთავარ მიზანს და იდეას, ჩვენ ის ისტორიული შანსი, რომელიც გვაქვს, ამ შემთხვევაში საქართველოს, როგორც მედროშე ქვეყნის, აზიის ევროპასთან დაკავშირების ფორმატში, არ უნდა გავუშვათ, ვინაიდან შუა დერეფანი კიდევ ერთხელ გვაძლევს უნიკალურ საშუალებას და მე ვიტყოდი, რომ ასეთი შანსი ჩვენს ქვეყანას მომავალში შეიძლება აღარ ჰქონდეს“, - აღნიშნა ჭუმბურიძემ.
ის იმედოვნებს, რომ დღევანდელი კონფერენცია საინტერესო იქნება, სადაც ტექნიკურ საკითხებს განიხილავენ - დიგიტალიზაცია, ტარიფები, ინფრასტრუქტურა, როგორც სარკინიგზო, ასევე სატრანსპორტო, საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-განვითარება და ა.შ.
ჟურნალისტის კითხვაზე რამდენად არის საქართველო მზად იმისთვის რომ შუა დერეფანში მედროშე იყოს და რა გამოწვევებია ამ მხრივ ქვეყანაში, EUGBC-ის გენერალური მდივანი ასე პასუხობს: „სწორედ ინფრასტრუქტურული გამოწვევები გვაქვს. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი რამ არის მოსაწესრიგებელი, მაგრამ ეს მარტო შავი ზღვის პლატფორმის ფორმატში, ანუ ჩვენი მცდელობით არ მოწესრიგდება. აქ უნდა იყოს სახელმწიფო ჩართული, ასევე ყველა ჩამოთვლილი ცენტრალური აზიის და აზერბაიჯანის მთავრობები. შესაბამისად, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება მოხდეს ის შეთანხმებები, რომელიც შუა დერეფნის დანიშნულებას უფრო აქტიურს და გამოყენებადს გახდის როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენი პარტნიორი რეგიონის ქვეყნებისთვის“.
დღეს, 20 ნოემბერს, ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია იმართება.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და რეფორმებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ვაჭრობის გამარტივებას შავი ზღვის გავლით და რეგიონული ურთიერთკავშირების გაძლიერებას.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს ასოციაციების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო ორგანიზაციების 150-მდე წარმომადგენელი საქართველოდან, ევროკავშირიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.




























