მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურული პროექტები, ღონისძიებები - რაში ხარჯავენ ქვეყნები ტურისტებისგან მიღებულ გადასახადებს?

ტურისტები

ოვერტურიზმი - იგივე ჭარბი ტურიზმი - ეს არის პრობლემა, რომელიც არაერთ ქვეყანაში დგას. ამ გამოწვევის გადაჭრის ერთ-ერთ მექანიზმად კი ტურისტული გადასახადები მიიჩნევა. ყოველწლიურად იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ტურისტებს გადასახადებს უწესებენ. ქვეყნებში სადაც ეს მექანიზმი უკვე მოქმედებს, ტარიფების გაძვირებასაც აპირებენ.

ქვეყნები ტურისტული გადასახადის წყალობით, ბიუჯეტს მილიონობით დოლარით ავსებენ. გადასახადებიდან გენერირებული თანხები კი სხვადასხვა მიმართულებით იხარჯება.

თებერვლის შუა რიცხვებში, ინდონეზიამ, ტურისტებისთვის პოპულარულ ლოკაციაზე - კუნძულ ბალიზე ტურისტული გადასახადი დააწესა. უცხოელ ვიზიტორებს ბალის მონახულება 150 000 რუპია - ანუ დაახლოებით 9 ევრო უჯდებათ.

ხელისუფლების განცხადებით, გადასახადი, რომელიც ბალის ვიზიტორებს დაუწესდათ მიზნად ისახავს კუნძულის ბუნებრივი გარემოსა და კულტურის დაცვას. მთავრობა აპირებს, რომ ტურისტებისგან მიღებული თანხით მომსახურების ხარისხი, უსაფრთხოება, ტურისტებისთვის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ინფრასტრუქტურაც განავითაროს. რაც საბოლოოდ, ბალისთვის ორ მთავარ პრობლემას გადაჭრის - საცობებს და ნარჩენების მართვას. კუნძულის ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა აუდიტი მოითხოვეს, რათა გამჭვირვალე იყოს - თუ როგორ იხარჯება თანხები.ისინი იმედოვნებენ, რომ შემოსავალი გადაიგზავნება ბალის სოფლებში არსებულ პროექტებში, რომლებიც სულ უფრო პოპულარული ხდება ტურისტებისთვის.

2024 წლის გაზაფხულზე, ვენეციაში, შესვლის საფასური საცდელი პერიოდით დაწესდება. ქალაქში შესვლა ძირითადად შაბათ-კვირას და სხვა პიკურ დღეებში 29 დღის განმავლობაში 5 ევრო დაჯდება.

ხელისუფლებამ გახსნა პორტალი, სადაც ვენეციის ყველა ვიზიტორი უნდა დარეგისტრირდეს. ამ გზით, ადგილობრივ საკრებულოს შეუძლია განსაზღვროს რამდენი ადამიანი იქნება ქალაქში გარკვეულ დღეს და შესაბამისად მოარგოს მათ საჯარო სერვისები, მათ შორის მაგალითად - ნარჩენების შეგროვება. ხალხმრავლობის შემცირებისა და ხანგრძლივი ვიზიტების წახალისების გარდა, შესვლის საფასურის დაწესება მიზნად ისახავს ადგილობრივებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ტურიზმის გადასახადიდან მიღებული თანხებით, ხელისუფლება შეეცდება ადგილობრივებს ყოფა შეუმსუბუქოს.

ვენეცია ტურისტებს “ღამის ტურისტულ გადასახადს” უკვე უწესებს. საუბარია დაახლოებით 5 ევროზე. აღნიშნული გადასახადით, ვენეციამ 2023 წელს 37 მილიონი ევრო მიიღო.

ადგილობრივი საბჭო კანონმდებლობით ვალდებულია ეს შემოსავლები ტურიზმთან პირდაპირ და ირიბად დაკავშირებული ობიექტებისა და სერვისების დასაფინანსებლად გამოიყენოს.ტურისტული გადასახადისგან მიღებული შემოსავლით ფინანსდება კულტურული ღონისძიებებიც,.

ბარსელონას ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2022 წელს განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო მომდევნო 2 წლის განმავლობაში ტურისტული გადასახადის გაზრდაზე.

2023 წლის 1 აპრილს ქალაქის ხელისუფლებამ მუნიციპალური გადასახადი 2,75 ევრომდე გაზარდა. მეორე ზრდა 2024 წლის 1 აპრილს არის დაგეგმილი, საფასური 3,25 ევროს მიაღწევს. ქალაქის საბჭოს ინფორმაციით, შემოსავალი ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება, მათ შორის გზების, ავტობუსების და ესკალატორების გაუმჯობესებას. 2023 წელს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტურისტული მოსაკრებლით მიღებული 7 მილიონ 690 ევრო ქალაქის რვა ახალ პროექტს დააფინანსებს. დამატებით 4,93 მილიონი ევრო „ლურჯი ტურიზმის“ პოპულარიზაციას მოხმარდება, საუბარია საზღვაო სპორტზე. ხელისუფლების ინფორმაციით, 100 მილიონი ევრო სკოლებში გათბობის მონტაჟს და მზის პანელების მოწყობას მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ 2029 წლისთვის ბარსელონა სკოლების ჯამში 181 000 კვადრატული მეტრის მზის პანელებით აღჭურვას გეგმავს.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები