მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ინიცირებული კანონპროექტები შეაფერხებს ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებას“ – WEG

64072fdde77ce
ვიქტორია მღებრიშვილი
07.03.23 16:38
719

არასამთავრობო ორგანიზაცია "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს კანონპროექტები ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებას შეაფერხებს.

ორგანიზაცია იმ ენერგოპროექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებსაც ამჟამად ქვეყანაში დასავლეთის მხარდაჭერით მუშაობენ და საქართველოს პარლამენტს ინიცირებული კანონპროექტების განხილვაზე უარის თქმას მოუწოდებს:

„მიგვაჩნია, რომ ინიცირებული კანონპროექტები უცხოური გავლენის აგენტების შესახებ შეაფერხებს ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებას.

დასავლური მხარდაჭერით ამჟამად ვმუშაობთ ენერგეტიკულ რეფორმებზე, რომელიც მოიცავს:

• საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებას და რეგიონში უფრო აქტიური ენერგეტიკული პოლიტიკის განხორციელებას;

• ენერგოეფექტიანობის ამაღლებას, მათ შორის, სკოლების და საბავშვო ბაღების ენერგეტიკულ რეაბილიტაციის ხელშეწყობას;

• განახლებადი ენერგიის კანონმდებლობის დახვეწას, ინვესტიციების მოზიდვას, მათ შორის - სათემო ენერგეტიკულ ინიციატივებს;

• ენერგეტიკული სიღარიბის აღმოფხვრას და მოწყვლადი მომხმარებლების დახმარებას;

• ქვეყნისთვის წყალბადის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებას;

• კლიმატის ცვლილებისთვის მომზადებას და ამაში საერთაშორისო დახმარების გამოყენებს და სხვა.

ყველა ეს სამუშაო მოითხოვს საჯარო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობას, მათი შესაძლებლობების გაზრდას და ზოგჯერ იმაზე მეტის მოთხოვნას, ვიდრე აქამდე კეთდებოდა. კანონის მიღება მსგავს დახმარებას უცხო გავლენად გამოაცხადებს, შეამცირებს მის შედეგიანობას და პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის.

ამასთან ერთად, მრავალი სხვა ინფრასტრუქტურული თუ ინსტიტუციური განვითარების პროექტი დამოკიდებულია დასავლეთის დახმარებაზე, სადაც ქართველი სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ. მათი შეფერხებით მნიშვნელოვნად იზარალებს სახელმწიფოს და ხალხის ინტერესები.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და მმართველ პარტიას, საზოგადოების და პარტნიორი ქვეყნების შეფასებებთან ერთად, გაითვალისწინონ ეს გარემოებებიც და უარი თქვან ინიცირებული კანონპროექტების განხილვაზე".