ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, აღნიშნული სტატუსი კიდევ 3 სტარტაპს მიენიჭა.
მთავრობის 583-ე, 584-ე და 585-ე განკარგულებებით ინოვაციური სტარტაპის სტატუსი შპს ჰერიო სოლუშენსმა, ედვაიზო სოლუშენსმა და ვენროლმა 1 წლის ვადით მიიღეს.
ამ დრომდე ქვეყანაში ამ სტატუსით 8 კომპანია სარგებლობდა „ამბლიფლაი“, Retain, AI Solutions, Helio AI, „ვაიზპეი“, კურსი.ჯი, „სმართერ ფარმი“ და „მედიმაინდი“ ფლობდნენ.
ბიზნეს რეესტრის მიხედვით, კომპანია „ჰერიო სოლუშენსი“ 2023 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 50-50%-იან წილებს გეგი გვაზავა და ლევან ასანიძე ფლობენ. კომპანიამ სამუშაოს მაძიებლებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია შექმნა.
კომპანია „ედვაიზო სოლუშენს“ 2023 წლის აპრილშია რეგისტრირებული. მის 45-45%-იან წილებს თორნიკე ჩხაიძე და ნიკოლოზ ქოიავა, ხოლო 10%-ს ირაკლი გოგოლაძე ფლობენ. სტარტაპი ფინანსურ ოპერაციებს ავტომატიზირებული სისტემით აერთიანებს.
„ვენროლი“ 2024 წლის აპრილშია რეგისტრირებული. 53%-იან წილს გიორგი ჩლაიძე, 31%-ს ნანა ჭავჭანიძე, 4% - ირინე დავითაშვილი, 5%-ს ლევან გიორგაძე, 7%-ს კი არჩილ დავლიანიძე ფლობენ. ეს არის თანამედროვე სასწავლო აპლიკაცია, სადაც სპიკერების მასტერკლასებია თავმოყრილი.
2025 წელს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ინოვაციური სტარტაპების იურიდიული სტატუსი განისაზღვრა. იმ კომპანიებს, რომლებიც ამ სტატუსს მიიღებენ 10,000 ლარამდე გაცემულ ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება გაუუქმდებათ.
ამ საგადასახადო შეღავათის მისაღებად შესაბამისი იურიდიული სტატუსის მინიჭება შესაძლებელი იქნება სამ კატეგორიაში:
- ინოვაციური სტარტაპი;
- ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია;
- კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია
ამასთან, 2025 წლის დასაწყისში მთავრობამ ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა 5-წლიანია და მისი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნესიდეების მქონე სტარტაპების საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერება და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობაა.
ცნობისთვის, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოლოდინით, ინოვაციური სტარტაპის სტატუსის წელს შეიძლება 100-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღოს. ავთანდილ კასრაძის განმარტებით ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ქართული კომპანიების გლობალურ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს.




























