ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოლოდინით, ინოვაციური სტარტაპის სტატუსის წელს შეიძლება 100-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღოს. ავთანდილ კასრაძის განმარტებით ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ქართული კომპანიების გლობალურ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს.
მისივე განმარტებით, სააგენტომ მუშაობის პროცესში არაერთი ქვეყნის მაგალითი განიხილა და შეისწავლა. საბოლოო ჯამში კი ჩამოყალიბდა კრიტერიუმები, რომლითაც ქართულ კომპანიებს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ენიჭებათ
„სავალდებულო მექანიზმის მიხედვით, კომპანიას კვალიფიციური ინვესტიცია უნდა ჰქონდეს მიღებული. ეს გულისხმობს, რომ მასში ინვესტიცია უნდა ჰქონდეს განხორციელებული ან აქსელერატორს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მინიმუმ 150 ათასი ლარის ოდენობით, ან თავად ვენჩურულ საინვესტიციო ფონდს, რომელიც ინვესტიციას დებს მხოლოდ და მხოლოდ ინოვაციურ სტარტაპში. გარდა ამისა სტარტაპმა უნდა დაასაბუთოს ინოვაციურობა, რომელსაც ჩვენი კომისია განიხილავს. სტატუსის მიღებამდე და მიღების შემდგომაც მუდმივ მონიტორინგში იქნება მისი შემოსავლები და ხარჯები არსებითად დაკავშირებული არის თუ არა ინოვაციურ საქმიანობასთან. საერთო ჯამში ძალიან რთული პროცესია, ამიტომაც არის, რომ ჯერ მხოლოდ 4 სტარტაპს აქვს მიღებული, თუმცა მიმდინარე ეტაპზე 20-ზე მეტი განვიხილეთ და უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე სტარტაპი მიიღებს აღნიშნულ სტატუსს. ჩვენი მოლოდინია, რომ წლის განმავლობაში დაახლოებით 100-მდე ქართულმა კომპანიამ შესაძლოა მოიპოვოს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი“- აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
GITA-ს თავმჯდომარემ სტატუსის შეწყვეტის პირობებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ სხვა საქმიანობა დაიწყო და არა ინოვაციური მიმართულება, ავტომატურად შეუწყდება სტატუსი.
ავთანდილ კასრაძემ პროცესში კერძო სექტორის ჩართულობასა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც გულისხმობს უკვე გადარჩეული და აღიარებული ინოვაციური სტარტაპებისთვის შეთავაზებების განსაკუთრებული პირობებით მიწოდებას.
„სახელმწიფოს მხრიდან დახმარება უნიკალურია, რადგან საშემოსავლო გადასახადი, რაც სტარტაპისთვის ყველაზე დიდი ტვირთია, სრულად განულებულია პირველი სამი წლის განმავლობაში როგორც არ უნდა გაეზარდოთ საწარმოო ბრუნვა“,- აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ინოვაციური სტარტაპის სტატუსი დღეისთვის 4 კომპანიას „ამბლიფლაის“, Retain-ს, AI Solutions-ს და Helio AI-ს აქვს.
2025 წელს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ინოვაციური სტარტაპების იურიდიული სტატუსი განისაზღვრა. იმ კომპანიებს, რომლებიც ამ სტატუსს მიიღებენ 10,000 ლარამდე გაცემულ ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება გაუუქმდებათ.
ამ საგადასახადო შეღავათის მისაღებად შესაბამისი იურიდიული სტატუსის მინიჭება შესაძლებელი იქნება სამ კატეგორიაში:
- ინოვაციური სტარტაპი;
- ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია;
- კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია
ამასთან, 2025 წლის დასაწყისში მთავრობამ ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა 5-წლიანია და მისი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნესიდეების მქონე სტარტაპების საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერება და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობაა.




























