კერძო სექტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ გზების მოვლა-შენახვის მიზნით ახალი სახელმწიფო კომპანიის დაფუძნებით ინტერესთა კონფლიქტი იქმნება.
როგორც სამშენებლო ლაბორატორია Caucasian Infrastructure Technology-ის დირექტორმა BMG-ის განუცხადა, ჩნდება კითხვა, თუ ვინ იქნება სახელმწიფო კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების ზედამხედველი.
ტიტე ჯიშიაშვილის თქმით, თუკი კერძო კომპანიების შემთხვევაში სამუშაოების ზედამხედველი ასევე კერძო კომპანიაა, სახელმწიფო უწყების პირობებში, მოსალოდნელია, რომ ზედამხედველიც სახელმწიფო ორგანო იქნება, რაც მისი თქმით, მნიშვნელოვან ინტერესთა კონფლიქტს ქმნის.
“როდესაც გზების მშენებლობის თუ მოვლა-შენახვის კუთხით ცხადდება ტენდერი, ასევე ტარდება ტენდერები ზედამხედველობის მიმართულებით და კერძო კომპანიები უწევენ ზედამხედველობას. ვიღაც თუ აკეთებს გზის მოვლა-შენახვის და გაწმენდით სამუშაოებს, კერძო კომპანიის ზედამხედველი აკონტროლებს რამდენი მასალა დაიხარჯა და ა.შ. სახელმწიფოს შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ორგანო იქნება სამუშაოების შემსრულებელი, რთულად წარმოსადგენია, რომ კერძო სექტორმა გაუწიოს ზედამხედველობა. სავარაუდოდ მივალთ იქამდე, რომ ისევ რომელიმე სახელმწიფო ორგანო იქნება, რომელიც ამ მიმართულებით გააკონტროლებს და მიიღებს სამუშაოებს. ანუ სახელმწიფო იქნება დამკვეთი, სახელმწიფო გადაიხდის ფულს და სახელმწიფოვე მიიღებს სამუშაოებს. ეს ჩემი აზრით, ინტერესთა კონფლიქტს იწვევს და როგორ მოხდება ამ ინტერესთა კონფლიქტში რისკების მინიმიზაცია, მნიშვნელოვანი საკითხია.
ამასთან, როგორც ვიცით, დაგეგმილია [სახელმწიფო] ლაბორატორიის შექმნაც. ინტერესთა კონფლიქტი იმხელა დონეზე ჩნდება, რომ ასეთი წყობით არც ერთი თანამედროვე, ევროპული თუ განვითარებული ქვეყანა არ მოქმედებს”, - განაცხადა ტიტე ჯიშიაშვილმა.
რაც შეეხება მთავრობის მხრიდან ხარისხზე აქცენტის გაკეთებას, Caucasian Infrastructure Technology-ის დირექტორი ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის დარგში ხარისხის ზრდას პირველ რიგში, სტანდარტებთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრა სჭირდება.
“ხარისხის მოწესრიგებას სჭირდება მოწესრიგება იმ პრობლემების, რაც რეალურად დგას. მათ შორის, სტანდარტების, ტექნიკური მოთხოვნების, რომელიც ძალიან ჩამოუყალიბებელია. ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს როგორც საბჭოთა კავშირის დროინდელი ნორმები, ისე ევროპული ნორმები. სრული მიქსი არის ყველანაირი სტანდარტის და ყველანაირი ქვეყნის მოთხოვნის ჩვენს ქვეყანაში და ძალიან რთული არის ხარისხზე ვისაუბროთ, თუ არ ვიცით, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს ჩვენს მიერ ჩასატარებელი სამუშაოები”, - განაცხადა ტიტე ჯიშიაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის მიზნით ახალი სახელმწიფო კომპანიის დაფუძნებას გეგმავს. აქამდე აღნიშნულ ფუნქციას ტენდერების მეშვეობით გამოვლენილი კერძო კონტრაქტორები ასრულებდნენ, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, აღნიშნულ ფუნქციას სპეციალურად ამ მიზნისთვის დაფუძნებული სახელმწიფო კომპანია გადაიბარებს. პირველ ეტაპზე კომპანია გორი-არგვეთას 105-კილომეტრიან საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მოვლა-შენახვის და მართვის სამუშაოებს განახორციელებს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გზების მოვლა-შეკეთებას სახელმწიფო კომპანია კერძოზე უკეთ შეძლებს




























