მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერნეტპროვაიდერები საკუთარ ქსელს გააქირავებენ - გაიაფდება თუ არა სერვისები?

62690312a9ce9
სალომე მეცხვარიშვილი
27.04.22 23:35
1167
საქართველოში ე.წ. ბით სთრიმ - Bit Stream Access - რეგულაციის დანერგვაზე მუშაობა მიმდინარეობს. ეს არის ახალი ვალდებულება ინტერნეტოპერატორებისთვის, რომელიც გულისხმობს, რომ საკუთარი ინფრასტრუქტურა სხვა კომპანიებისთვისაც ხელმისაწვდომი გახადონ ანუ ერთი ქსელი რამდენიმე კომპანიამ გამოიყენოს.

რას ნიშნავს ეს მომხმარებლისთვის?

თუ თქვენს ქალაქში ან სოფელში მხოლოდ ერთი ინტერნეტოპერატორი მუშაობს, თქვენ კი სხვა კომპანიის ინტერნეტითა თუ ტელევიზიის სერვისით სარგებლობა გსურთ, მალე ამის შესაძლებლობა გექნებათ.

კომუნიკაციების კომისია მუშაობს პროექტზე, რომლითაც ინტერნეტ პროვაიდერებისთვის ახალი ვალდებულების შემოღება იგეგმება. მათ მოუწევთ კონკრეტული თანხის სანაცვლოდ საკუთარი ინფრასტრუქტურა სხვა კომპანიებს მიაქირაონ. შედეგად, აღარ ექნება მნიშვნელობა, ვის ეკუთვნის კაბელი, მისი მეშვეობით სერვისის მიწოდება ნებისმიერ ავტორიზებულ პირს შეეძლება.

გაიაფდება თუ არა ინტერნეტისა და ტელევიზიის პაკეტები?

ახალი რეგულაცია შანსი იქნება მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის გაფართოვდნენ და ბაზარზე უფრო მაღალი კონკურენცია შექმნან.

კომპანია “აირმაქსში”, რომელიც დასავლეთ საქართველოში ოპერირებს და მოსახლეობას ინტერნეტს აწვდის, აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციები გაზრდის სერვისის ხარისხს, ფასებს კი შეამცირებს. კომპანიის დირექტორი ბესო წაქაძე “საქმის კურსთან” ამბობს, რომ სხვა კომპანიების ინფრასტრუქტურაზე დაშვება და მისით სარგებლობა მცირე კომპანიებს პროცესებს გაუმარტივებს და თანხების დაზოგვის საშუალებას მისცემს.

“გვქონდა მცდელობები, რომ თბილისში დაგვეწყო სერვისების მიწოდება, თუმცა კაბელის გაყვანა ჩვენისთანა მცირე და საშუალო პროვაიდერებისთვის მიუწვდომელია: დიდი ინვესტიცია და ნებართვებია საჭირო. თუ რეგულაცია ძალაში შევა, არამარტო ჩემი კომპანია, არამედ დაახლოებით 50-მდე კომპანია მზად იქნება, ეს სერვისი მიაწოდოს მომხმარებელს. რაც მაღალი იქნება პროვაიდერების რაოდენობა, მეტი იქნება ხარისხი, დაბალი იქნება ფასი”, - აცხადებს ბესო წაქაძე.

განსხვავებულად მიაჩნიათ კომპანია “ახალ ქსელებში”. კომპანიის გენერალური კონსული ხათუნა ინჯია ამბობს, რომ ქსელზე დაშვების საფასური საკმაოდ მაღალი იქნება, ამიტომ კომპანიებს კონკურენტული ფასების შეთავაზება გაუჭირდებათ.

რა ეტაპზეა Bit Stream Access რეგულაცია?

რეგულაციის დანერგვაზე საუბარი საქართველოში საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს. კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე “საქმის კურსთან” აცხადებს, რომ პირველი კვლევა EBRD-ის მხარდაჭერით ჯერ კიდევ 2017 წელს ჩატარდა, ახლა კი ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რომელმაც პირველ რიგში უნდა დაადგინოს, ვინ არიან ინტერნეტის დაშვების ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიები:

“უნდა გამოვავლინოთ, ვინ არიან მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორები ინტერნეტზე დაშვების ბაზარზე და რა სახის ვალდებულებები უნდა დაეკისროთ მათ: როგორი უნდა იყოს ტარიფები, რა ვადაში უნდა დაუშვან მათ სხვა კომპანიები საკუთარ ქსელზე და ა.შ. წლის ბოლომდე დასრულდება ბაზრის ანალიზი”, - აცხადებს ეკატერინე იმედაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები