მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ თავმჯდომარე, უჩა სეთურის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ინტერნეტის ფასები შედარებით დაბალია, ვიდრე ჩვენთან - სიმართლეა და ქვეყანაში ფასების შესამცირებლად ევრპის ბაზარზე მიერთებაა საჭირო. ამის შესახებ მან "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.
“ჩვენ გვჭირდება უფრო მეტად მიერთება ევროპასთან და ფასები რომ ნახოთ, რა ღირს ერთეული მეგაბიტი/წამი სტამბოლში, სოფიაში, ბუქარესტში და რა ღირს ეს თბილისში - სხვაობა კატასტროფულია.
საქართველოში გაცილებით ძვირია. ამიტომ ჩვენ გვჭირდება მეტი მიერთება ევროპასთან, რომ ეს საბითუმო მიერთების ცენტრი გადმოვიდეს თბილისში, რეგიონულად მაინც. როდესაც ჩვენ რეგიონალურ ჰაბზე ვსაუბრობთ, ჩვენ უნდა მივცეთ ცენტრალურ აზიას, ირანს, სომხეთს, აზერბაიჯანს… ინტერნეტი თბილისიდან. ამისთვის საჭიროა ბუქარესტთან მიერთება შავი ზღვის გავლით”, - ამბობს უჩა სეთური.
მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც წლების განმავლობაში საბითუმო მიერთების ცენტრი საქართველოში ვერ გადმოვიდა რეგიონის გეოპოლიტიკური მდგომარეობაა.
“ჩვენ რომ ახლა ბულგარეთის ან რუმინეთის ადგილას ვიყოთ, ეს მოცემულობა არ გვექნებოდა. გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე გვექმნება პრობლემა. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ შუა გზაზე ვართ დიდი სიმძიმის ცენტრების, აშშ-სა და აზიისგან, ჩვენ ინტერნეტს უკუღმა ვიღებთ, ევროპიდან ტრიალდება, როცა შეიძლება, ჩვენი გავლით გადიოდეს ინტერნეტი.
მთავარი მიზეზი, რას გამოც ვერ ვახერხებთ ამ ცენტრის შექმნას, ჩვენი ოკუპანტი მეზობელია. რუსეთი ცდილობს, რომ რეგიონში არავის მისცეს საშუალება, შევიდეს ევროპაში, ისინი ჩინეთთან არიან მიერთებული და ცდილობენ, რომ ეს ტრაფიკი სხვამ არავინ მიიღოს. გეოპოლიტიკა ძალიან დიდ როლს თამაშობს”, - ამბობს უჩა სეთური და დასძენს, რომ ევროპაზე მიერთების შემთხვევაში საქართველოში ინტერნეტის ხარისხი გაუმჯობესდება, ფასები კი შემცირდება.