მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ინვესტიცია მისასალმებელია, მაგრამ პროექტის სრული გასაიდუმლოება სერიოზულ კითხვებს ბადებს" - ნიკა ალავიძე

ნიკა ალავიძე

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკა ალავიძე, BMGTV-ის გადაცემაში „ანალიტიკა“ "იგლ ჰილსის" პროექტზე მსჯელობისას აცხადებს, რომ ინვესტიციას მიესალმება, თუმცა პროექტის კონტრაქტის გასაიდუმლოება ქვეყნისთვის წამგებიანია და საკითხზე რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს დაზუსტებული, მკაფიო ინფორმაციის მიწოდება.

ალავიძის განცხადებით, მთავრობამ უნდა განმარტოს, თუ როდის გახდა საქართველოს საინვესტიციო პრიორიტეტი მასშტაბური უძრავი ქონების პროექტების წახალისება იმ დონემდე, რომ სახელმწიფო ყველა კანონს კონკრეტულ ინვესტორს არგებს. მისი თქმით, მრავალწლიანი აქტივების გადაქცევა ერთი ინვესტორისთვის მორგებულ პროექტად, კითხვებს ბადებს, მით უფრო, თუ ამის საპირწონედ ადგილობრივ დეველოპერებსაც ექნებოდათ შესაძლებლობა, სინდიცირების გზით მოეზიდათ საჭირო კაპიტალი.

"მივესალმები ინვესტიციას. არავითარ შემთხვევაში არ ვუჭერ მხარს ამ მასშტაბური უძრავი ქონების პროექტის წარმოჩენას ისე, რომ მარსელები ჩამოვლენ და უცხოპლანეტური კულტურის ექსპანსიას დაიწყებენ.

ჩემი პირველი კითხვა ამ ნაწილში, არის ის, რომ მე არ ვიცი და შეიძლება გამომრჩა უყურადღებობის გამო და იქნებ ამ მთავრობამ, ეკონომიკის სამინისტრომ გაგვახსენოს, საინვესტიციო პრიორიტეტებში როდის გაჩნდა ასეთი, თუნდაც მასშტაბური, უძრავი ქონების პროექტების წახალისება ასეთ დონეზე, როდესაც სახელმწიფო აბსოლუტურად ყველა კანონს არგებს ერთ კონკრეტულ ინვესტორზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდია და ორ ისეთ მიწის ნაკვეთს მოიცავს, რომელიც დიდი ხანია ამ ქვეყნის აქტივია და დიდი ხანია თან სდევს საინვესტიციო ხარვეზები და ვერცერთ ინვესტორთან ამაზე შეთანხმება ვერ შედგა, იმიტომ რომ უფასოდ ამაზე ყველა, ქართველი დეველოპერებიც არ იტყოდნენ უარს.

მეორე საკითხი, რაც ეჭვებს ბადებს, უძრავი ქონების პროექტის 100%-ით გასაიდუმლოებაა, ეს ცოტა არ იყოს, მიუღებელია, როგორც პოტენციური კი არა, უკვე არსებული ინვესტორის პოზიციიდან. საქართველოს მოქალაქეები ინვესტორები გავხდით ამ პროექტის, გვინდოდა თუ არ გვინდოდა და მინიმუმ ელემენტარული ინფორმაცია უნდა ვიცოდეთ, რა ხდება და როგორ ხდება, საიდან არის ამ ფულის წარმომავლობა", - განაცხადა ალავიძემ.

"იგლ ჰილსის" პროექტზე საუბრისას ალავიძემ მკაფიოდ აღნიშნა, რომ კომპანიის Emaar-თან გაიგივება არ არის სწორი, რადგან Eagle Hills-ი კერძო, არასაჯარო სტრუქტურაა და მისი პროექტების 65%-ზე მეტი წარუმატებლად ითვლება. მისი თქმით, „11 წელი გრძელდება პროექტები, არც ერთი დასრულებული არ არის, მაღალია ქეშ-ტრანზაქციების წილი და დივიდენდის რეალური განაწილება პრაქტიკულად არ ფიქსირდება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები