მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორები და ტრეიდერები თურქულ ლირას დაუბრუნდებიან - Goldman Sachs

თურქული ლირა

წამყვანი ამერიკული ბანკის, Goldman Sachs-ის პროგნოზით, საერთაშორისო ინვესტორები და ტრეიდერები ეტაპობრივად თურქულ ლირას დაუბრუნდებიან, რაც მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილებებითა და ეროვნული ბანკის სტრატეგიის შემობრუნებით იქნება განპირობებული.

როგორც საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსები ამბობენ, ცენტრალური ბანკი უკვე დაუბრუნდა ტრადიციულ ეკონომიკურ თეორიას, რაც ლირას დასტაბილურების საშუალებას მისცემს.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 500 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგად ქვეყანაში ძირითადმა განაკვეთმა 30%-ს მიაღწია.

აქამდე განაკვეთი 25% იყო, თუმცა ის ვერ აღმოჩნდა საკმარისი ინფლაციური წნეხის დასაძლევად, რადგან გასულ თვეს ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე 59%-მდე გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ერდოღანის გადაწყვეტილებით, თურქეთის ცენტრალურ ბანკს ახალი ხელმძღვანელი ჰაფიზ ერქანი ჰყავს, რომელიც ტრადიციული ეკონომიკური პოლიტიკის მიმდევარია და არც „ერდოღანიზმის“.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეცვლის გარდა, ერდოღანმა ქვეყნის ფინანსთა მინისტრიც შეცვალა. ამ პოზიციაზე ცნობილი ეკონომისტი, მეჰმეთ შიმშეკი დაინიშნა, რომელიც 2009-დან 2015 წლამდე ფინანსთა მინისტრი იყო, 2015-დან 2018 წლამდე კი - თურქეთის ვიცე-პრემიერი. 56 წლის შიმშეკი გლობალური ინვესტორებისათვის კარგად ცნობილი პიროვნებაა, რომელსაც სიმკაცრე და სტაბილურობა გამოარჩევს.

შიმშეკის და ერქანის დანიშვნა ინვესტორებისთვის იმის მაუწყებელია, რომ შესაძლოა თურქეთი ტრადიციულ ეკონომიკურ წყობას დაუბრუნდეს და ერდოღანმა თავისი ექსპერიმენტი დაასრულოს. თავის მხრივ, ეს მოვლენა მისასალმებელია, თუმცა ეს ცვლილება გარკვეულ რისკებსაც შეიცავს, კერძოდ, მკვეთრად გამკაცრებული პოლიტიკა ქვეყანაში ფინანსურ მდგომარეობას გაამწვავებს, მოსახლეობის უკმაყოფილების ფონზე კი, არ არის გამორიცხული, ერდოღანი ისევ პოპულისტურ სტრატეგიას დაუბრუნდეს და საპროცენტო განაკვეთები თითქმის გაანულოს. მსგავსი ტიპის მაკროეკონომიკური რისკი გლობალური ინვესტორებისთვის მიუღებელია, თუმცა, როგორც Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ამბობენ, უახლოეს მომავალში ეს ვითარება შეიცვლება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები