მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ინვესტორებისთვის ეს ჩამორჩენილობის და გაუნათლებლობის მესიჯია“ - თემურ ჭყონია

60e712f70870e
ვიქტორია მღებრიშვილი
09.07.21 09:00
1184
ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ თბილისში 5-6 ივლისს  აგრესიული ჯგუფების მიერ მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობას, პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტსა და ევროკავშირის დროშის ჩამოგლეჯის და დაწვის ფაქტს უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს მნიშვნელოვნად დააზიანებს.

„ეს ინვესტორებისთვის ჩამორჩენილობის და გაუნათლებლობის მესიჯია. ეს არ არის აგრესიულობა. სჯობს, იყო აგრესიული, ვიდრე - ჩამორჩენილი. ეს არის ჩამორჩენილი მენტალიტეტის ქვეყანა...“, - აცხადებს ის.

ბიზნესმები ასეთ ქმედებების მხოლოდ დაგმობას და ანალიზს საკმარისად არ მიიჩნევს და დღეისთვის სახელმწიფოს მხრიდან პრევენციული ზომების არქონას უსუსურობად აფასებს.

„ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში აგრესიული ჯგუფები არსებობენ... რა რაოდენობით არიან ისინი? მაგალითად, 2-ჯერ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა, ვინ ჩამოხსნა და შეიძლება თუ არა ეს განმეორდეს? მივეჩვიეთ მომხდარის დაფიქსირებას და სახელმწიფო ტრაბახობს იმით, რომ მომხდარის ანალიზს აკეთებს. როგორც საქართველოს მოქალაქეს, მე არ მაინტერესებს ანალიზი, მე მაინტერესებს პრევენცია, რომ აღარ მოხდეს ეს, თორემ მომხდარის დამნაშავის ძებნა, ჩემს ინტერესებში არ არის. მაინტერესებს, დროშა აღარ ჩამოხსნან და აღარ სცემონ ახალგაზრდა ჟურნალისტები - გოგოებს ურტყამენ თავში და ჩვენ ამას ვაფიქსირებთ და ვგმობთ... რას ვგმობთ? რა დროს დაგმობაა?

როდესაც ვსაუბრობთ, რომ პრევენცია არ კეთდება და მომხდარს ვაფიქსირებთ, ეს სახელმწიფოს მხრიდან ძალიან დიდი უსუსურობაა. უნდა ვიცოდეთ - რამდენია რადიკალურად განწყობილი ადამიანი, ვის შეუძლია დროშის ჩამოხსნა, ვის შეუძლია ადამიანის მოკვლა. თუ პირადი ცხოვრების ფარულ ჩანაწერებს ვაკეთებთ და ამ მანიპულაციებით ხმებს ვიპოვებთ.. ეს ინფორმაცია გამოაქვეყნეთ, მე ხომ უნდა ვიცოდე, რამდენი რადიკალი შეიძლება იყოს ქუჩაში“, - სვამს კითხვას ბიზნესმენი თემურ ჭყონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები