ანტრეპრენიორი, გიორგი ამანათიძე BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ აცხადებს, რომ საქართველომ ევროატლანტიკურ კურსს გადაუხვია და სამწუხაროდ, ჩრდილოეთისკენ მიემართება.
მისი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ იყო შემთხვევა, როდესაც ავსტრიულმა კომპანიამ ქართულ კომპანიაში ინვესტირებისგან თავი შეიკავა. ამანათიძე დასძენს, რომ უცხოელ ინვესტორებს შიში გაუჩნდათ ისეთ ქვეყანაში ინვესტირების, რომელიც ავტორიტარიზმისკენ მიემართება და საქართველოს მომავალს, როგორც რუსეთის სატელიტ ქვეყნად ხედავენ.
„სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ. ვხედავთ რეალობას, რომ საქართველომ გადაუხვია ევროატლანტიკურ კურსს და სამწუხაროდ, მიმართულებაა ჩრდილოეთისკენ, რომელიც არ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მიზანს და ინტერესს.
ბოლო პერიოდში შეხება მქონდა ინვესტიციებთან. ქართულ კომპანიებს ჰქონდათ სურვილი ინვესტიციები მოეზიდათ. ეს იყო ავსტრალია, თუმცა ავსტრალიის გადმოსახედიდანაც გამოჩნდა, რომ ინვესტორებს აქვთ დიდი შიში, თანხები ისეთ ქვეყანაში ჩადონ, რომელიც სრულად მიემართება ავტორიტარიზმისკენ და პლუს, ხედავენ მის მომავალს, როგორც რუსეთის სატელიტ ქვეყანას, რომელთანაც არ შეიძლება ჰქონდეთ ნორმალური ბიზნეს ურთიერთობები“, - განმარტავს ანტრეპრენიორი.
მისივე ცნობით, თავდაცვის სისტემაში მსახურების 20 წლიან პერიოდში, მათთვის ამოსავალი წერტილი ევრო და ნატოში ინტეგრაცია იყო.
„საუკეთესო, რაც მსოფლიოში დღეს არსებობს, არის ევროკავშირი და ნატო, ვინაიდან, ეს არის დემოკრატიული სამყაროს ქვეყნების ერთობლიობა, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა, ადამიანის უფლებების დაცვაზეა დაფუძნებული და სრულიად მისაღებია ჩვენს შინაგან განწყობასთან. ამასთან, იმ განვითარების პერსპექტივას შეესაბამება, სადაც ჩვენ ვხედავთ საქართველოს.
თავისუფალი ბიზნესი უფრო უკეთ ხედავს იმას, თუ რა შედეგებს მოიტანს ქვეყანაში ავტოკრატიული სისტემა. ნებისმიერმა თავისუფალმა ბიზნესმა იცის, რომ ეს ავტომატურად გამოიწვევს ინვესტიციების გაჩერებას დემოკრატიული სამყაროდან. ჩვენი ძირითადი პარტნიორები, რომლებიც ჩვენს ფასეულობებზე აგებულები და დამყარებული არიან, არიან ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან და ისინი როგორც ბიზნესს, ასევე საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას უწყობენ ხელს, რაც ბიზნესისთვისაც მოგებიანია. რათა ბიზნესი სახელმწიფო წნეხიდან გამოსულიყო და ჰქონოდა თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა“, - ამბობს გიორგი ამანათიძე.