„ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებლის ნოდარ გიორგაძის შეფასებით, ინვესტორისთვის ყველაზე რთულია, როდესაც ინვესტირებას იწყებ და გაჩერებენ. ამას საქართველოში ტურიზმისა და ენერგეტიკაში პროექტების განმახორციელებელი ბიზნესკლიმატსა და ენერგეტიკის სექტორში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე გაჩერებული მსხვილი ენერგოპროექტების გავლენის შესახებ #რედაქტ2-ში დასმული კითხვის საპასუხოდ აცხადებს.
ის თვლის, რომ თუ ვინმეს საქართველოში ენერგოპროექტებში ინვესტირება სურს, ამისთვის ახლა საუკეთესო პერიოდია. ინვესტორი ამბობს, რომ ენერგეტიკის დარგში CFD მექანიზმის ამოქმედება, ენერგეტიკის ბაზრის გახსნის დაგეგმილი რეფორმა, საქართველოში არსებული ბუნებრივი პირობები ამ სექტორში ინვესტირებისთვის საუკეთესო გარემოს ქმნის, თუმცა განმარტავს, რომ მსხვილი პროექტების დაწყებისა და მასში უცხოელი ინვესტორის თანამონაწილეობისას ყველა დეტალი გათლილი უნდა იყოს.
„ენერგოპროექტების დაწყებისას ინვესტორისთვის ყველაზე რთულია, როდესაც ინვესტირებას იწყებ და ვიღაც გაჩერებს. იქ მთავრდება მთელი ბიზნესი. და თუ უცხოელი ინვესტორი თავის ქვეყანაში იტყვის, რომ საქართველოში ასეთი რაღაც მოხდა - თანხა ჩავდე, გამაჩერეს და პრობლემებში ვარ... ძალიან ბევრი კი არა შეიძლება ვეღარც მოძებნოთ ისეთი ადამიანი, რომელსაც აქეთ წამოსვლა ენდომება. ამას ტაბუ დაედება, რადგან ეს საშიში რეგიონია, გეოგრაფიული და სამართლებრივი კუთხით კი არა, არამედ იმ კუთხით, რომ რაღაც საკითხები ვერ წყდება. ამიტომ ვიძახი ეს ძალიან ფაქიზი თემაა, ამაზე ხელაკრულად და თავზეხელაღებით მოქცევა არ შეიძლება. ყველა დეტალი უნდა იყოს გათვლილი, როდესაც უცხოელი, სერიოზული ინვესტორი მოგყავს. ის კლიმატს ქმნის.“, - აცხადებს ნოდარ გიორგაძე.