საქართველოს საპატიო კონსული სლოვაკეთში და “ჯინო ჰოლდინგის” დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობის საკითხს მნიშვნელოვნად მიიჩნევს და ამბობს, რომ ამისთვის ქვეყანაში ყველა პირობა არსებობს. ამ თემაზე მან გადაცემა #რედაქტ-2-ში ისაუბრა.
მისი თქმით, თუ ვინმეს საქართველოში ენერგოპროექტებში ინვესტირება სურს, ამისთვის ახლა საუკეთესო პერიოდია. ინვესტორი, რომელიც საქართველოში 25-მეგავატიანი მზის ელექტრო სადგურის პროექტს გარდაბანში განახორციელებს, თვლის რომ ენერგეტიკის დარგში CFD მექანიზმის ამოქმედება, ენერგეტიკის ბაზრის გახსნის დაგეგმილი რეფორმა, საქართველოში არსებული ბუნებრივი პირობები და გამოცდილება ამ სექტორში ინვესტირების მსურველებისთვის ხელშემწყობი ფაქტორებია.
“საქართველოს ენერგოპროექტების განხორციელებისთვის ძალიან კარგი პირობები აქვს. მაგალითად სლოვაკეთში, სადაც მზის ელექტროსადგური მოწყობილი მაქვს უნგრეთის საზღვართან ახლოს, იქ წელიწადში 1 100 საათი მზიანია, საქართველოში გარდაბნის მხარე რომ აიღოთ 1 400-დან 1 500 საათამდეა. თითქმის 35-40%-ით მეტი ელექტროენერგიის მიღება შეგიძლია აქ. მეორე - ეს რეგიონი, ისევე როგორც სხვა რეგიონები, ელექტროენერგიის შიმშილს განიცდის და ნუ დავიჯერებთ იმას რომ ამ მხრივ დიდი პოტენციალი მხოლოდ თურქეთს და რუსეთს აქვთ. ყველას აკლია ელექტროენერგია და უახლოეს პერიოდში ეს ენერგია კიდევ ბევრს დააკლდება, რადგან ჩვენ მწვანე ენერგიების გამოყენებისკენ მივდივართ. გამონაბოლქვის მავნე გავლენამ გარემოზე, იქამდე მიგვიყვანა, რომ იტალიაში 47 გრადუსია, საბერძნეთში კუნძულები იწვის… აქედან გამომდინარე მწვანე ენერგია უნდა განვითარდეს და საქართველოს ამის იდეალური პირობები აქვს - წყალი, მზე, ქარი, ამას ემატება გეოთერმული წყლები, რომელიც დღეს სამწუხაროდ სათანადო დონეზე არ არის აყვანილი. მე სლოვაკეთში ჩემი ნოუჰაუ მაქვს დანერგილი და 64 გრადუსიანი წყლით 8760 საათი წელიწადში 160 კვტ ენერგიას ვიღებთ, 3.5 მგვტ-ს ელექტროენერგიას ვაწარმოებთ “ჯინო პარკში” კოგენერაციით და სახელმწიფოზე ვყიდით. კოვიდის დროს, როცა ყველაფერი გაჩერებული იყო და „ჯინო პარკი“ ბეშენოვაში დაახლოებით 1.8 – 2 მლნ ევრომდე მოგებას წერდა.
დღეს საქართველოში თუ კი ვინმეს მართლა უნდა ენერგეტიკაში ჩართვა, ამისთვის საუკეთესო დროა. საქართველო ენერგოდამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა გახდეს და ხელისუფლებას რასაც ვუყურებ ასეთი კურსიც არის. ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნის უსაფრთხოებაში 50%-ს მაინც შეადგენს”, - ამბობს გიორგაძე.