მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

iPhone-ის მწარმოებელი ქარხნის დამფუძნებელი ტერი გოუ ტაივანში პრეზიდენტობისთვის იყრის კენჭს

ტერი გოუ - ტაივანი

72 წლის მილიარდერი და Foxconn-ის, iPhone-ისა და სხვა მსოფლიო დონის ელექტროპროდუქტების მწარმოებელი ქარხნის, დამფუძნებელი ტერი გოუ ტაივანის პრეზიდენტობისთვის რბოლას შეუერთდა - იტყობინება BBC.

გოუ ტაივანში ცნობილია, როგორც ქარიზმატული ბიზნესმენი, რომელმაც საზოგადოებისგან სერიოზული აღიარება მოიპოვა და ექსპერტები იმასაც ვარაუდობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ გოუ ერთადერთი კანდიდატი იქნებოდა მმართველი (დემოკრატ-პროგრესული) პარტიის წინააღმდეგ, მისი შანსები საკმაოდ მაღალი იქნებოდა, თუმცა 2024 წლის იანვრის არჩევნებში გოუს ხმების გაყოფა 2 სხვა ოპოზიციონერ კანდიდატთან მოუწევს.

ტერი გოუმ ტაივანის პრეზიდენტობის კანდიდატობის მოპოვება მანამდე ქვეყნის მთავარი მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის წევრობით სცადა, თუმცა პარტიის ლიდერმა კანდიდატად სხვა აარჩია, რის გამოც გოუმ პარტია დატოვა.

წინასწარი შედეგებით მეორე ადგილს ტაივანის სახალხო პარტია იკავებს, რომლის ლიდერიც ქალაქ ტაიბეის ყოფილი მერია, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით ახალგაზრდა ამომრჩევლებში სარგებლობს.

თუმცა გოუს მთავარი უპირატესობა არა მხოლოდ მისი წარმატებული ბიზნესი, არამედ მისი ჩინეთთან მუშაობის გამოცდილებაა. Foxconn-ი მსოფლიოს წამყვანი მწარმოებელი ტაივანის ინჟინრული ნოუჰაუს და გაწვრთნილი ჩინური შრომის კომბინაციით გახდა. გოუმ 1980-90-იან წლებში სამხრეთ ჩინეთში არაერთი საწარმო კამპუსი ააშენა, სადაც ათასობით ჩინელი წარმოებაში ჩართო. აღნიშნული ბიზნესმოდელი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ კომპანია Apple-ის აუთსორს მწარმოებელი გახდა, რამაც Foxconn-ი ტაივანის უმსხვილეს ბიზნესად აქცია.

ტერი გოუ ირწმუნება, რომ ჩინეთში ინვესტირებისა და მუშაობის გამოცდილებით ის შეძლებს ტაივანის უსაფრთხოების დაცვას. მისი თქმით, გოუს მიზანია ტაივანს “შემდეგ უკრაინად” ქცევის საფრთხე აარიდოს თავიდან. საკუთარი კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, რომ ტაივანს ჩინეთთან ომის უფსკრულიდან ამოიყვანს, თუმცა ტაივანის მოსახლეობა ამ პირობისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი.

ცნობისთვის, ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიოს 12 ქვეყანა აღიარებს. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულს საკუთარი კონსტიტუცია, დემოკრატიული გზით არჩეული ლიდერები და 300 000 აქტიური მეომარი ჰყავს, ჩინეთი ცდილობს, ტაივანი ქვეყნის მთავარ ტერიტორიას შეუერთოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები