“დეველოპერული კომპანია “რედკოს” გენერალური დირექტორი მალხაზ კუნელაური მიიჩნევს, რომ იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამამ საკუთარი რესურსი ამოწურა და მისი გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს. ამის შესახებ მან გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა.
კუნელაურის თქმით, მიზეზი გართულებული ეკონომიკური მდგომარობაა, მისი განმარტებით, ამ პირობებში სესხის პროცენტის სუბსიდირება მოსახლეობის დაინტერესებისთვის საკმარისი აღარაა.
„სუბსიდირებამ თავისი რესურსი ამოწურა. როცა ის მიიღეს, მაშინ სხვა რეალობა იყო. ახლა რადიკალურად განსხვავებული, უარყოფითი სიტუაციაა, ამიტომ მხოლოდ 4%-ით კლიენტის დაინტერესება ძალიან რთულია - იმ პირობებში, როდესაც ვხედავთ, რა ხდება და როგორ არის ეკონომიკა ჩაკეტილი. სამსახურის მოლოდინი ადამიანებს არ აქვთ, ყოველდღიურად რჩებიან შემოსავლის გარეშე.
თუ სუბსიდირება შესაძლებელია, ის მაქსიმალურად უნდა მივმართოთ ეპიდვითარების დასტაბილურებისკენ ოღონდ იმ პირობით, რომ სწრაფად გაიხსნება ეკონომიკა და თუ ამას ვერ ვახერხებთ, მაშინ ერთადერთი დახმარება არის საგადასახადო შეღავათები. ეს უნდა იყოს ძალიან ხელშესახები“ - აღნიშნავს კუნელაური.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულიდან მთავრობამ სამშენებლო და დეველოპერული სექტორის დახმარების პაკეტის ფარგლებში იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროექტი აამუშავა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება 5 წლის განმავლობაში მსესხებლებს სესხის 4%-ს დაუსუბსიდირებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ინფორმაციით, სულ ამ პერიოდში 6 317 სუბსიდირებული იპოთეკური სესხი გაიცა.




























