რამდენიმე საათში უკვე გვეცოდინება, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 წინაპირობიდან რამდენი ჩაგვითვალა შესრულებულად ევროკომისიამ. მივიღებთ მინიშნებას, თუ რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს წლის ბოლოს, რას გადაწყვეტს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო. „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი “ანალიტიკა”–სთან ინტერვიუში ბრიუსელის მაღალჩინოსან წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, სავარაუდოდ, მიიღებს, თუმცა დათქმებით.
მოლოდინი არსებობს, რომ თუ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მივიღებთ, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ან ევროკომისიის მაღალჩინოსნებმა უნდა გამიჯნონ ქართველი ხალხის დამსახურება და მთავრობის პასუხისმგებლობა – ბრიუსელში თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ეს რეალისტური მოლოდინია?
არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს დათქმა დოკუმენტებში მოხვდება. ოფიციალური დოკუმენტები ზოგადად ძალიან მშრალი ენით იწერება. ფაქტები იყრის თავს. რასაც არ გამოვრიცხავ ის არის, რომ ოთხშაბათს, ევროკომისრები იტყვიან დაახლოებით იგივეს, რასაც თქვენ ამბობთ და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს აქცენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა განცხადებებშიც იყოს – ოღონდ ეს მოხდება უკვე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, დეკემბერში. ამ დროს იტყვიან, რომ ეს ქართველი ხალხისთვის არის. ვფიქრობ, დოკუმენტი ოთხშაბათს მხოლოდ მშრალ ფაქტებს მოუყრის თავს.
დოკუმენტი ნანახი გაქვთ?
მონახაზი ვიცი. იმედი მაქვს, დღეს მივიღებ საბოლოო ვერსიას.
ხომ არ იცით, სამ წინაპირობაზე მეტი ჩაგვეთვლება ამ ახალ ანგარიშში შესრულებულად?
რეკომენდაციების ნაწილი შესრულებულია. პრობლემურია ძირითადად ის პუნქტები, სადაც მაღალი პოლიტიკური ინტერესი იკვეთება – სასამართლო რეფორმა; ვფიქრობ, კიდევ ერთხელ გაკეთდება აქცენტი დეოლიგარქიზაციაზეც. ჩემი შეფასებით, 12 რეკომენდაციიდან, 8–9 შესრულებულად ჩაითვლება. ყველაფერი ცუდად ნამდვილად არ არის. თუმცა, მაინც იქნება გარკვეული საკითხები, სადაც ბრიუსელს ეჭვები დარჩება.
ოთხშაბათს, 8 ნოემბერს, “ანალიტიკა” ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის პერსპექტივის ანალიზს დაეთმობა.