ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კიდევ ერთხელ გააცნო ის რეგულაციები, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი წლის ღამეს იმოქმედებს.
როგორც bm.ge-ის ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, შრომითი ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვენეტაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.
ნათია თურნავას თქმით, კოვიდპანდემიის გამო წლევანდელ ახალი წელი განსხვავებულ რეჟიმში ჩატარდება და წინასაახალწლო პერიოდში მკაცრი შეზღუდვები არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც მოქმედებს, რათა ახალი წელი ეპიდემიის წამახალისებელ ღონისძიებად არ იქცეს.
„კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რათა პირადად გავაფრთხილოთ სასტუმრო ინდუსტრია, რომ საახალწლო ღამეს ნაკლები ღონისძიებით და რეგულაციების სრული დაცვით შეხვდნენ სტუმრებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ამ გაფრთხილებას სასტუმროები მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიუდგებიან.
მოგეხსენებათ, ზოგადად აკრძალულია ქვეყანაში კონცერტების და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარება. ამიტომ ტრადიციული, საკონცერტო ღონისძიებების ფონზე საახალწლო ვახშმები წელს აკრძალულია. პრაქტიკულად, იქნება საკმაოდ მკაცრი რეაგირება და ვიდრე იძულებული გავხდებით მკაცრი რეაგირება მოვახდინოთ, სჯობს წინასწარ გავაფრთხილოთ სასტუმრო ინდუსტრია და შევახსენოთ კანონმდებლობა, ასევე კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ როცა ყოველდღიურად ადამიანები იღუპებიან, არ არის გამართლებული ხალხმრავალი ღონისძიება, არანაირი ხმაურიანი ახალი წელი და დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენი მოსახლეობაც გაგებით მოეკიდება და სასტუმრო ინდუსტრიაც. რაც მთავარია, თვითონ სასტუმროებიდან მოვისმინეთ მზადყოფნა, რომ დაემორჩილონ კანონმდებლობას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.