პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სავალუტო ინტერვენციების წყალობით, ლარის კურსი დოლართან მიმართებით გამყარებულია, ტურისტების რაოდენობა თითქმის ყოველდღიურად იზრდება, ქვეყანაში შემოდინებები გრძელდება, რის საფუძველზეც მთავრობას ეკონომიკაში პოზიტიური მოლოდინები აქვს.
„ომის დაწყებიდან მალევე, ერთ-ორ კვირაში ლარიც გაუფასურდა და ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია ფასებზე. მას შემდეგ, რაც ჩვენ კოორდინირებულად მოვახდინეთ ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე, სიტუაცია მკვეთრად დასტაბილურდა, 3.05-ზე, თითქმის 3.00-ზეა ჩამოსული ლარის კურსი დოლართან მიმართებით.
ვითარება დასტაბილურებულია, დავიჭირეთ სიტუაცია, მაქსიმალურად კონტროლდება, არავითარი პრობლემა არ არის, შემოდინებები გრძელდება, ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ზოგადად, ეკონომიკაში გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები.
ბოლო თვეების განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ექსპორტი იზრდება და ყველა ეს პარამეტრი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ბოლო ინფორმაციით, ნავთობის ფასები, მსოფლიო ბაზარზე შედარებით შემცირებულია, 95 დოლარზეა ჩამოსული და ლარიც გამყარებულია დოლართან მიმართებით. ამიტომ, ძვირფასო მეგობრებო და საწვავის იმპორტიორებო, მე მაქვს მოლოდინი, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე მოახდენთ საწვავის ფასების კორექტირებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




























