პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს ყველათვის ემოციური დღეა, თუმცა ამის მიუხედავად გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება. მან პრემიერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი, დამტკიცების შემთხვევაში მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ჩვენი ქვეყნის წინაშე უამრავი გამოწვევაა- კოვიდ-პანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს.
მოწოდებული ვართ, რომ სწრაფად მოვუგვაროთ მოსახლეობას პრობლემები, რა თქმა უნდა მინდა ვთქვა, რომ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იყოს, რათა გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება. ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ძლიერი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ: გიორგი გახარიამ თანამდებობა დღეს დატოვა.




























