მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კერვალიშვილი: საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტი ვოლგა-დონის არხია

605321869137a
BM.GE
19.03.21 09:40
2874
ფოთში, $93-მილიონიანი ინვესტიციით, ახალი ნავმისადგომი შენდება. პროექტს ფოთის პორტის ტერიტორიაზე მოქმედი ქართული კომპანია Pace Group-ი ახორციელებს. პროექტთან დაკავშირებით დღეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გაიმართა მოსმენა. მასზე კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პირველი ფაზით განსაზღვრული ობიექტების მშენებლობა 2021 წლის სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება.

Pace ჯგუფის დამფუძნებელმა, ირაკლი კერვალიშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ ცენტრალური აზიიდან მომავალი მშრალი ტვირთებისთვის საქართველო წარმოადგენს არა ძირითად, არამედ ალტერნატიულ საგზაო დერეფანს, რადგანაც არსებულ ვითარებაში ჩრდილოეთის რკინიგზა და ვოლგა-დონის არხი წარმოადგენს მთავარ დერეფანს. მისი თქმით, ცენტრალური აზიის მსხვილი მწარმოებლებისთვის საქართველოს და ფოთის პორტის დერეფანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგანაც ის მათ დივერსიფიკაციის შესაძლებლობას აძლევს.

“ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ იმ მწარმოებლებზე, რომლებიც შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვაზე ცდილობენ გასვლას. ეს ტვირთები ძირითადად მომდინარეობს თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან ასევე ყაზახეთის სამხრეთ ნაწილიდან. ნებისმიერი მსხვილი მწარმოებელი ცდილობს, რომ მას ალტერნატიული გზა ყოველთვის ჰქონდეს. მაგალითისთვის გეტყვით, სასუქების უმეტესობას ვეზიდებით ზამთრის პერიოდში, რაც არის დაახლოებით 300 ათასი ტონა. მთლიანად თურქმენეთი წლის განმავლობაში 1.5 მილიონ ტონამდე სასუქებს აწარმოებს, მაგრამ ექსპორტზე 600 ათას ტონაზე მეტი არ გააქვს, 2016 წლიდან დავიწყეთ მათი ტვირთების გადაზიდვა და ამით ფოთის პორტი გავაჩინეთ მათთვის და პირველ წელს მხოლოდ 20 ათასი ტონა გადავზიდეთ, მაგრამ ნელ-ნელა ნდობა დავიმკვიდრეთ. მათთვის საქართველო არის ალტერნატიული გზა, რადგან ძირითადი მარშრუტი არის კასპიის ზღვა და ვოლგა-დონის არხით, რაც ძალიან იაფია მიუხედავად იმისა, რომ პატარა გემებია.

მაგრამ ჩვენთან მაინც ატარებენ, რადგან მწარმოებლისათვის დივერსიფიკაცია არის მნიშვნელოვანი. მაგრამ მუდმივად ჩვენზე არ ატარებენ ამ ტვირთებს.

Pace საქართველოში ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე სატრანსპორტო ჯგუფია. ტვირთების კოორდინაცია საკმაოდ რთული საკითხია, რადგან ის მთელ ჯაჭვს მოიცავს, ცალკე კასპიის საზღვაო ჯაჭვს, ცალკე აზერბაიჯანის რკინიგზას, საქართველოს რკინიგზას და შემდგომ ფოთის პორტს,”- ამბობს ირაკლი კერვალიშვილი.

ფოთის პორტში ახალი ნავმისადგომი 27 ჰექტარის ფართობზე შენდება და მისი სიგრძე - 260 მეტრს, ხოლო წყლის სიღრმე 13 მეტრს შეადგენს. პროექტი 20 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის დახურული და 150 ათასი კვადრატული მეტრის ღია სასაწყობო მეურნეობისგან შედგება. მისი მეშვეობით ძირითადად ცენტრალური აზიიდან წამოსული მშრალი/ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირება მოხდება. ახალ პორტს 215 მეტრის სიგრძის, 12.5 სიღრმის ფსკერის მქონე და 50,000 ტონის ტვირთამწეობის გემების მიღება შეეძლება.

პროექტის პირველი ფაზის საერთო ღირებულება შეადგენს 93 მილიონ აშშ დოლარს, საიდანაც 50 მლნ დოლარს გამოყოფს აშშ-ის კერძო საგარეო საინვესტიციო კორპორაცია (DFC), ხოლო დარჩენილ 43 მლნ დოლარს Pace Group-ი წილობრივი მონაწილეობის სახით. ეს ამ დროისთვის, საქართველოში DFC-ის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია.

“აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში არსებულ არც ერთ ნავსადგურს, არც ბათუმის და არც ფოთის ნავსადგურს, ასეთი სიღრმე არა აქვს. 13 მეტრის სიღრმე საშუალებას მოგვცემს 50,000-ტონიანი გემები მივიღოთ, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს არც ერთ პორტს არ შეუძლია. მშენებლობა 2019 წლის ოქტომბერში დავიწყეთ, პანდემიამ ცოტა ხელი შეგვიშალა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება“,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ირაკლი თათეიშვილმა.

პროექტის თანახმად, ახალ ნავმისადგომს წლიურად 6.5 მილიონი ტონა ტვირთების გადამუშავება შეეძლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები