პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე ახალგაზრდების ნაწილს, საჯარო დისკუსიებში მონაწილეობას სთავაზობს - ამის შესახებ კობახიძემ Facebook პოსტის საშუალებით განაცხადა.
“ვფიქრობ, ჩამცხრალი ემოციების ფონზე, არსებობს უკეთესი შესაძლებლობა იმისა, რომ გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია კანონთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეგიძლიათ დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ.
იმედი მაქვს, ჩვენ კონსტრუქციულობასა და ღიაობაზე ამჯერად მაინც მივიღებთ შესატყვის პასუხს და ელჩებისგან და რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებთ ჯანსაღ დისკუსიაში გამჭვირვალობის კანონის შესახებ", - წერს კობახიძე.
პრემიერის განცხადებით, იგი მზად არის, გაიზიაროს შენიშვნები ახალგაზრდებისგან და აღნიშნავს, რომ მათგანაც იმავე დამოკიდებულებას მოელის.
"საქართველოს მომავალი ახალგაზრდებს ეკუთვნის. ჩვენს ქვეყანას ჰყავს სანიმუშო, გამორჩეულად ნათელი და პროგრესული ახალგაზრდობა და ამ ქვეყნის მართვისა და განვითარების საქმე მომავალში სწორედ მათ უნდა გადაიბარონ. ეს ქვეყანა მომავალში ერთად უნდა მართონ ახალგაზრდებმა, რომლებიც დღეს იწონებენ ან აპროტესტებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს. შესაბამისად, ყველა ჯანსაღ ახალგაზრდასთან შეხვედრა და მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა ჩემთვის განსაკუთრებული პატივია. მზად ვარ, მათგან არა მხოლოდ მოვისმინო, არამედ, სათანადო შემთხვევაში, აგრეთვე გავიზიარო შენიშვნები და ახალგაზრდებისგანაც ასეთივე დამოკიდებულებას მოველი. თუ ადამიანი დარწმუნდება, რომ არასწორად ფიქრობდა, აღიარება და პოზიციის შეცვლაც უნდა შეეძლოს, რაც ადამიანის არა სისუსტეზე, არამედ სწორედ ღირსებაზე მეტყველებს”, - წერს პრემიერი.
კობახიძე თავის Facebook სტატუსში ასევე აღნიშნავს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ძალადობის ხარისხი “მნიშვნელოვნად” სწორედ ახალგაზრდების დამსახურებით შემცირდა.
„ენჯეოების“ გამჭვირვალობის გასაპროტესტებლად მოწყობილ ბოლო აქციებზე ძალადობის ხარისხი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, რისთვისაც აქციებში მონაწილე ყველა ჩვენს გულწრფელ თანამოქალაქეს მადლობა მინდა გადავუხადო. აქციებზე ძალადობას კონკრეტული ორგანიზატორები ჰყავდა. ესენი იყვნენ რადიკალური პარტიები და „ენჯეოები“ და მათთან დაკავშირებული ძალადობრივი დაჯგუფებები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ძალადობაზე უარის თქმა ამ ადამიანების გადაწყვეტილება იყო.
შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ ძალადობის შემცირება იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, რომლებიც აქციებში არა პოლიტიკური მოტივით მონაწილეობდნენ, არამედ რომლებმაც გულწრფელად დაიჯერეს, რომ კანონს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის დაბრკოლება შეიძლებოდა შეექმნა. უნდა ვიფიქროთ, რომ საბოლოოდ, სწორედ მათ შესძინეს აქციებს ქართული კულტურისთვის მისაღები, მშვიდობიანი სახე”, - წერს კობახიძე.