პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 79-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას და 25 სექტემბერს სიტყვით გამოვა - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფორმაციის მიხედვით, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.
"მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებულ შტატებს 22-26 სექტემბერს ეწვევა. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს მომავლის სამიტში, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტს წინ უძღოდა ამერიკის მხრიდან ფინანსური და სავიზო სანქციები და ირაკლი კობახიძის აშშ-ის ელჩთან, რობინ დანიგანთან 17 სექტემბერს, ამერიკული სანქციების დაწესების შემდეგ გამართული შეხვედრა.