ირაკლი კობახიძე უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) პრეზიდენტ დუგლას პლექსტოკს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) პრეზიდენტ სტეფანე ლაუვიკს, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა (WFME) პრეზიდენტ რიკარდო ლეონ-ბორკეზს და ევროპის სტუდენტთა ასოციაციის (ESU) წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, შეხვედრაზე პრემიერმა განათლების სფეროში დაგეგმილ ფუნდამენტურ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემის თვისებრივ გარდაქმნას ისახავს მიზნად.
"ხაზი გაესვა საქართველოს განათლების სისტემის შემდგომი განვითარების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობისა და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაზე, სტუდენტის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო და სამეცნიერო პროცესების განხორციელებაზე, უმაღლეს განათლებაში პრიორიტეტების სწორად განსაზღვრასა და უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზე", - აღნიშნულია "ქართული ოცნების" მთავრობის პრესრელიზში, თუმცა არაფერი წერია, იყო თუ არა საუბარი ENQA-ში სრული წევრობის და EQAR-ში რეგისტრაციის აღდგენაზე.
პარალელურად, ინფორმაცია გაავრცელა განათლების სამინისტრომაც, რომლის თანახმად, ENQA-ს და EQAR-ის პრეზიდენტებს მინისტრი გივი მიქანაძეც შეხვდა. უწყების რელიზში აღნიშნულია, რომ ENQA და EQAR-ის პრეზიდენტებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით და გივი მიქანაძეს სამომავლო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) აპრილის გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დაკვირვების ქვეშ მყოფი სააგენტოს კატეგორიაში (member under review) გადავიდა, სადაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში იქნება. ასოციაციის ბორდი გადაწყვეტილების მიზეზებს შორის იმას ასახელებს, რომ ცენტრი ვერ აკმაყოფილებს წევრობისთვის მოთხოვნილ კრიტერიუმებს, კერძოდ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ სტანდარტებს. ის სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ცენტრის ორგანიზაციული და ოპერატიული დამოუკიდებლობის საკითხზე.
ამასთან, ცენტრს შეუწყდა EQAR-ში რეგისტრაცია, რაც ევროპის ქვეყნების განათლების სისტემებს შორის ხარისხის ნდობის და მიღებული განათლების აღიარების გამარტივების წინაპირობაა. როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გასულ წელს აცხადებდნენ, რეგისტრაციის შეჩერებაზე EQAR-ის გადაწყვეტილება გასაჩივრდებოდა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, გასაჩივრდა თუ არა. BM.GE-მ შესაბამისი კითხვით ცენტრს უკვე მიმართა.




























