მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს, რომელმაც მიუხედავად თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დასკვნა არსებითად იმეორებს წინასწარ დასკვნას, რომელიც თავის დროზე ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა უშუალოდ არჩევნების შემდეგ.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს, რომელმაც მიუხედავად თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ეუთო/ოდირი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისათვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ეუთო/ოდირმა 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. ეუთო/ოდირმა დასკვნაში რამდენიმე დარღვევაზე ისაუბრა, რომელთა შორისაა: ამომრჩეველთა დაშინება; არათანაბარი საარჩევნო გარემო; ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და მედიის მიკერძოებულობა.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია სადაც ოდირი განმარტავს, რომ თავისი მანდატის შესაბამისად, ოდირი არ არის დაკავებული არჩევნების აღიარებით. ოდირი უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის ყოვლისმომცველ და მიუკერძოებელ შეფასებას, რომელიც ეფუძნება საერთო პრინციპებს, ვალდებულებებს და ეუთოს ყველა სახელმწიფოს მიერ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ვალდებულებებს, რაც საშუალებას აძლევს ამომრჩევლებს, ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრი არჩევნების ხარისხზე.