"ოცნების" პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სურსათის გარდა, ფასები მაღალია ფარმაცევტულ სექტორშიც. მისი თქმით, სურსათის მსგავსად, ამ მიმართულებითაც შესაძლებელია ცვლილებები.
"ეს არის საზოგადოების ინტერესებში. მთავარია, ჩვენ ზუსტად დავადგინოთ, სად იმატებს ფასი ჭარბად და სად არის შესაძლებელი ფასნამატის შემცირება, იქ რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ვიფიქროთ ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაზე, ასეთი კანონმდებლობის შემოღებაზე და სხვა ზომებზე, რამაც შეიძლება, საბოლოო ჯამში უზრუნველყოს ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების უკეთ დაცვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება ბერკეტებს, პრემიერის თქმით, არსებობს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დადგენის პრაქტიკა.
„მაგალითად, ფარმაცევტული მიმართულებით, გერმანიაში ქსელების არსებობა საერთოდ არ არის დაშვებული. ერთი კონკრეტული სუბიექტის მიერ ერთ ქალაქში ერთზე მეტი აფთიაქის ფუნქციონირება საერთოდ არ არის დაშვებული. აქ არ არის საუბარი უხეშ ჩარევაზე ბიზნესში, აქ არის საუბარი იმაზე, რომ თუ არსებობს კარტელური გარიგებები, ჩვენ უნდა შევქმნათ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, ასეთი კარტელური გარიგებების აღსაკვეთად. ბიზნესის რეკეტი ვისი ხელწერაც არის, ყველას კარგად ახსოვს. ჩვენი ხელწერა ეს არ არის. ჩვენ ბიზნესში უხეშად ვერ ჩავერევით. თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები უნდა იყოს განმსაზღვრელი ქართულ ეკონომიკაში, მაგრამ ამასთან ერთად, თუ არსებობს კარტელები, კარტელური გარიგებები, ამას სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო, თუ სხვა ფორმით რეაგირება“, - განაცხადა პრემიერმა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფრის გაანალიზების შემდეგ, მთავრობა მივიდა დასკვნამდე, რომ შესაძლებელია, ქართული ფასები მიუახლოვდეს მაქსიმალურად ევროპულ ფასებს.
"ჩვენ გავაანალიზეთ ვითარება. მადლობა ამისათვის ეკონომიკის მინისტრს და ეკონომიკის სამინისტროს. დეტალურად გაკეთდა ანალიზი იმასთან დაკავშირებით, თუ რა იწვევს ფასების ზრდას. შედეგი არის ის, რომ ფასნამატი არის ძალიან მაღალი. საქართველოს საზღვრიდან დახლამდე ფასნამატი შეადგენს 86 პროცენტს და დახლამდეც ვერ ვიტყოდით, რადგან აქ არ შედის არც იმპორტის და არც დღგ-ს გადასახადი. ამის გარეშე, არის ფასნამატი 86 პროცენტი, რაც არის ძალიან მაღალი. ამაში არ შედის ასევე საზღვრამდე ფასნამატი. მთლიანობაში რომ დავაჯამოთ, არის საკმაოდ მაღალი ფასნამატი, რაც საბოლოო ჯამში იწვევს პროდუქტებზე ფასების გაძვირებას. ჩვენ ასევე შესწავლილი გვაქვს, თუ როგორია ფასნამატი თავად ევროპის ქვეყნებში, საბითუმო ფასსა და საცალო ფასს შორის, ეს მერყეობს დაახლოებით 30-დან 40%-მდე. საბოლოო ჯამში, ყველაფერი რომ გავაანალიზეთ, მივედით იმ დასკვნამდე, რომ შესაძლებელია, ქართული ფასები მიუახლოვდეს მაქსიმალურად ევროპულ ფასებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის შესაძლებელი. დანარჩენი არის დამატებითი შესწავლის საგანი.
ჩვენ უნდა დავიწყოთ პროცესი, რაც ძალიან რთული იქნება, მაგრამ გვინდა, რომ მაქსიმალურად სწრაფად წარიმართოს ეს ყველაფერი. დაგვჭირდება კონსულტაციები სადისტრიბუციო კომპანიებთან და ასევე სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან. როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტმა უკვე დაადასტურა მზაობა, რომ შექმნას საპარლამენტო კომისია ამისათვის და სამართალდამცველმა სტრუქტურებმა ასევე გამოხატეს მზაობა, რომ შექმნან შესაბამისი პროცესი უშუალოდ სამართალდამცავ სტრუქტურებში. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა უნდა მოგცეს შედეგი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ფასების დაწევა პროცესის საფუძველზე არის შესაძლებელი", - განაცხადა მან.
ცნობისთვის, "ოცნების" პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ირაკლი კობახიძემ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა; სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.




























